ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების ქონება წლებია, რაც გაუმჭვირვალეა

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს კანონი ძალაში 28 მაისს შევიდა, აქედან 60 დღეში კი კანონი მოქმედებაში შევა. “ქართული ოცნების” თქმით, ე.წ “აგენტების კანონის” მიღების მთავარი მიზანი მედიისა და არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობაა. ამ მიზნის მისაღწევად 84-მა დეპუტატმა სამივე მოსმენაზე კანონის მიღებას მხარი დაუჭირა, შემდეგ კი პრეზიდენტის ვეტოც დაძლიეს. მათ შორის იყო ყოფილი ფეხბურთელი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი.

საინტერესოა, პრორუსული კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატი თავად რამდენად გამჭვირვალეა და რამდენად სწორად ავსებს ქონებრივ დეკლარაციას წლიდან – წლამდე.

ლევან კობიაშვილი ქონებრივ დეკლარაციას 2016 წლიდან ავსებს. პირველივე დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ანტი-დასავლური კანონპროექტის მხარდამჭერის ორივე შვილი გერმანიის სხვადასხვა ქალაქში, ფრაიბურგსა და დუისბურგში არიან დაბადებულები.

ლევან კობიაშვილის ბოლო, 2023 წლის დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ ის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გერმანიაშიც არა ერთ უძრავ ქონებას ფლობს. 2020 წელს ლევან კობიაშვილმა და მისმა მეუღლემ, თამარა წულეისკირმა, ბერლინში 110კვ.მ ბინა შეიძინეს, რაშიც 945,000 ევრო გადაიხადეს. ლევან კობიაშვილი ბერლინში ასევე ფლობს 2014 წელს შეძენილ საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს. თამარ წულეისკირის დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ 2014 წელს შეძენილი ბინის ფასი 1,690,000 ევროა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ბოლო დეკლარაციიდან ვიგებთ, ლევან კობიაშვილმა ბერლინში 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი 2014 წელს შეიძინა, აღნიშნული ჩანაწერი 2016-2019 წლების დეკლარაციებში არ გხვდება და პირველად სწორედ 2020 წლის დეკლარაციაში ჩნდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წელს საჯარო სამსახურის ბიუროს კომისიამ ლევან კობიაშვილის დეკლარაცია შეარჩია მონიტორინგისთვის. როგორც აღმოჩნდა, პარლამენტის წევრი დეკლარაციაში სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობისა და მეუღლის სახელფასო შემოსავლების დამალვის გამო საჯარო სამსახურის ბიურომ დააჯარიმა. ლევან კობიაშვილი 2023 წელს შესამოწმებელი თანამდებობის პირების სიაშიც მოხვდა. სავარაუდოდ, მოიტორინგის შედეგები მალე გამოქვეყნდება.

ლევან კობიაშვილი 2015 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს იკავებს, 2016 წლიდან კი პარლამენტის დეპუტატია ქართული ოცნების სიით.

პრეზიდენტის “გამჭვირვალე” არჩევნები

თავდაპირველად, ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პოსტზე 2015 წელს აირჩიეს, თუმცა არჩევნების გამჭვირვალობას თან მრავალი ლეგიტიმური ეჭვი და კითხვის ნიშანი ახლდა. არჩევნებში მონაწილეობას ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია იღებდნენ. იმისთვის, რომ კანდიდატი ფედერაციის პრეზიდენტად აირჩეს, დელეგატთა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ არჩევნების წინა დღეს, 2015 წლის 2 ოქტომბერს, ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დააკავეს რევაზ არველაძეს მხარდამჭერი დელეგატი, გეგა გობეჯაშვილი, რომელიც მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს, თუმცა მას არჩევნებში მონაწილების მიღების უფლება აღარ მიეცა.

გობეჯაშვილი მაშინ პირდაპირ უკავშირებდა საკუთარ დაკავებას არველაძის მხარდაჭერას. გარდა გობეჯაშვილისა, არველაძეს სავარაუდოდ მხარდამჭერი ორი დამატებითი დელეგატიც გამოაკლდა, მას შემდეგ, რაც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და გურიის ფედერაციების პრეზიდენტებს ხმის უფლების მიცემა ჩამოართვეს.

არჩევნების მთელი დღის განმავლობაში დღეს უწყვეტად აკვირდებოდა მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძეც, რომელსაც არანაირი ფორმალური როლი აღნიშნულ პროცესში არ ჰქონია. კალაძემ მაშინ არჩევნებზე დასწრება UEFA-ს ვიცე-პრეზიდენტთან მეგობრობით გაამართლა.

2015 წლის 3 ოქტომბერს კობიაშვილმა 18 ხმა მიიღო, არველაძემ კი 15 და შესაბამისად, პირველი ვადით საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. არველაძემ მაშინ განაცხადა, რომ “უთანასწორო ბრძოლაში” იყო.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ვადა 4-წლიანია. 2015 წლის შემდეგ, ლევან კობიაშვილმა პრეზიდენტის არჩევნებში კიდევ 2-ჯერ მიიღო მონაწილეობა, ორივეჯერ ერთადერთი და უკონკურენტო კანდიდატი იყო და რა თქმა უნდა, ორივეჯერ ასევე უკონკურენტოდ გაიმარჯვა.

თავად კობიაშვილი ფიქრობს, რომ პოლიტიკური არაფერია იმაში, რომ უკანასკნელი ორი არჩევნებია მას კონკურენტი არ ჰყავს.

ვრცლად

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.