მედია: ოკუპირებული აფხაზეთში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა
n.news.genews.ge-ის არქივი
ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოფელში იპოვეს. ვარდნისას დრონმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა.
ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ინფორმაცია ТАСС-ს დაუდასტურა აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ; დაწყებულია დაზიანებულ ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენითი სამუშაოები.
როგორც ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროში განაცხადეს, გავრცელდა ინფორმაცია უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შესახებ გაგრაში, ახალ ათონსა და გულრიფშშიც, თუმცა მაშველებმა მათი პოვნა ვერ შეძლეს - ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.
ე.წ. საგამოძიებო უწყებამ მოქალაქეებს მოუწოდა, „შეინარჩუნონ სიმშვიდე, ხოლო საფრენი აპარატების ან მათი ნამსხვრევების აღმოჩენის შემთხვევაში, არ მიუახლოვდნენ მათ, არ შეეხონ და დაუყოვნებლივ შეატყობინონ“ შესაბამის სტრუქტურებს.
ინფორმაციის ოფიციალურ დადასტურებამდე, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებზეც აფხაზეთის ცაში მფრინავი დრონებია ასახული.
4 მარტის საღამოს, „ფსოუს“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის მუშაობაც შეჩერდა „დრონების საფრთხის“ გამო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.