მედია: ელიზაბეთ ლეინი დაუფარავად გამოხატავს მხარდაჭერას ვლადიმერ პუტინის მიმართ
ქართული წარმოშობის ამერიკაში მცხოვრები მსახიობი და UNIFYD TV-ის წამყვანი ელიზაბეთ ლეინი 29 მაისს მიწვეული იყო “ერი მედიას” გადაცემაში “გონიერი სოსო მანჯავიძესთან ერთად”. ბოლო კვირების განმავლობაში კი სოციალურ მედიაში, როგორც ფეისბუკზე, ასევე ტიკტოკზე (1,2,3,4) აქტიურად ვრცელდებოდა ელიზაბეთ ლეინთან ინტერვიუს როგორც სრული ვერსია, ასევე გადაცემის ფრაგმენტები. ვიდეო ასევე გაავრცელა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ ზურაბ ხაჩიძემ.
გადაცემაში ელიზაბეთ ლეინმა სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ანტიდასავლური ნარატივები გაავრცელა. მაგალითად, ლეინი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ამერიკა იზიარებს ნავალნის წარმოდგენას იმის შესახებ, რომ აფხაზეთი არ უნდა იყოს საქართველოს შემადგენლობაში და განვითარებადი ქვეყნების ფინანსური დახმარებით მათ დამონებას ცდილობს. ასევე, მისი თქმით, “ქართული ოცნება” ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელიც ამერიკას არ ემონება.
დამატებით, ელიზაბეთ ლეინი აღნიშნავს, რომ პუტინი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკოსიაა, ხოლო აფხაზეთთან დაკავშირებით პუტინის დამოკიდებულებაზე ამბობს: “აფხაზეთი არის – მოგცემ, თუ დამარწმუნებ რომ CIA-ს აგენტები, როგორიც სააკაშვილია არ ირბენენ აქ… ახლა მითხარით რატომ არის ეს არასწორი?”
რა ვიცით ელიზაბეთ ლეინზე?
ელიზაბეთ ლეინი 2024 წლის მარტიდან UNIFYD TV-ის პროგრამის, “Beyond The Surface Of America” ერთ-ერთი წამყვანია. გადაცემები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა მასონების როლი ვაშინგტონის ისტორიაში და მათი კავშირი ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტო – CIA-სთან. სხვა ეპიზოდებში საუბარია იუტაში, Skinwalker Ranch-ში მომხდარი პარანორმალური მოვლენებისა და ტენესიში არსებული ალტერნატიული სოფლის მეურნეობის შესახებ.
რაც შეეხება UNIFYD TV-ს, ეს არის სტრიმინგ პლატფორმა, რომელიც დააარსა ჯეისონ შურკამ. ჯეისონ შურკა ხელმძღვანელობს კიდევ ერთ ორგანიზაციას, სახელწოდებით UNIFYD World. UNIFYD World ორიენტირებულია “გლობალური ცნობიერებასა და ერთიანობის შექმნაზე”. თავის მხრივ, UNIFYD TV კი ავრცელებს დაუდასტურებელ ინფორმაციას და შეთქმულების თეორიებს ისეთ თემებზე, როგორიცაა უცხოპლანეტელები, საიდუმლო ორგანიზაციები და ალტერნატიული მკურნალობა.
მაგალითად, გადაცემებისა და დოკუმენტური ფილმების სტუმრები ხშირად ამტკიცებენ, რომ შეხვედრიან უცხოპლანეტელებს, ან ფლობენ ინსაიდერულ ინფორმაციას არამიწიერი ფენომენების შესახებ. გარდა ამისა, პლატფორმა ავრცელებს დოკუმენტურ ფილმებსა და ინტერვიუებს ისეთი ჯგუფების შესახებ, როგორიცაა ილუმინატები და მასონები, რომელთა შესახებაც ამტკიცებენ, თითქოს ამ ორგანიზაციებს “საიდუმლო დღის წესრიგი” აქვთ. აღსანიშნავია, რომ პლატფორმა აქტიურად (1,2) ავრცელებს შეთქმულების თეორიას “ლურჯი სხივის” შესახებაც.
ელიზაბეთ ლეინს აქვს ასევე Youtube არხი, სახელწოდებით Elizabeth Lane Show, რომელიც 2023 წლის ნოემბერში მას მერე შეიქმნა, რაც მისი პირველი არხი Youtube-მა წაიშალა. არხზე ატვირთული პირველი ორი ვიდეო ურთიერთობების სირთულეებსა და პორნო ინდუსტრიას შეეხება.
ელიზაბეთ ლეინი დაუფარავად გამოხატავს მხარდაჭერას ვლადიმერ პუტინის მიმართ, როგორც სოსო მანჯავიძის გადაცემაში, ასევე ინსტაგრამზე. მას რუსეთის პრეზიდენტის საქებარი არაერთი პოსტი აქვს გამოქვეყნებული. ლეინი აზიარებს ვლადიმერ პუტინის შეხვედრებს მოსახლეობასთან, ფრაგმენტებს პუტინის ინტერვიუებიდან (1, 2). ერთ-ერთ პოსტში ლეინი პუტინს კენედის ადარებს და წერს, რომ გარკვეულწილად ისინი ერთ საქმეს ემსახურებიან: “ეს კაცი მართალია. მადლობა ღმერთს, ჩვენ გვყავს პუტინი!”. კიდევ ერთ პოსტში კი ელიზაბეთ ლეინი პუტინს მოუწოდებს, რომ არ დანებდეს.
ელიზაბეთ ლეინს “ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული აქვს (1,2) მოსკოვის წითელ მოედანზე გადაღებული ფოტოები და ვიდეოები.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.