მედია: ,,გასული წლის თებერვლიდან ველოდებით ანაზღაურებას. ვმუშაობდით, ლამის წელები ჩაგვწყდა, მაგრამ არ აგვინაზღაურეს"
n.news.genews.ge-ის არქივი
,,გასული წლის თებერვლიდან ველოდებით ანაზღაურებას. ვმუშაობდით, ლამის წელები ჩაგვწყდა, მაგრამ არ აგვინაზღაურეს. ვურეკავთ ,,პრარაბს'' - იაგოს, რომელმაც ამ სამუშაოებზე დაგვასაქმა. ის გვეუბნება, რომ მეც არ მაძლევენ თანხასო. თბილისში ვურეკავთ კომპანიის ხელმძღვანელებს და ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ'' - უთხრეს ,,ქართლის ამბებს'' საბავშვო ბაღის მშენებლობაზე დასაქმებულებმა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მცხოვრები ნუკრი გელაძე და გელა ხუციშვილი ამბობენ, რომ მხარდაჭერა სჭირდებათ.
,,ქართლის ამბები'' დაუკავშირდა სამუშაოების ზედამხედველ პირს, რომელმაც განაცხადა, რომ მასაც არ აძლევენ თანხას:
,,მეც არ ამიღია ანაზღაურება. სამუშაოებზე როცა ჩავერთე, კომპანიას ავანსის სახით უკვე მიღებული ჰქონდა 1.12 მლნ ლარი. რატომ არ აგვინაზღაურეს იმ თანხიდან ჩვენ, არ ვიცი.'' - ამბობს სამუშაოების ზედამხედველი, რომელსაც დასაქმებულები იაგოდ მოიხსენიებენ.
კომპანია ,,ლაგი კაპიტალი’’ პარლამენტარ, ,,ქართული ოცნების’’ ერთ-ერთი წარმომადგენლის, ირაკლი ზარქუას დის დაფუძნებული კომპანიაა. შემდგომში მფლობელი გახდა ირაკლი ზარქუას სიძე. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მფლობელი მესამედ შეიცვალა.
რაც შეეხება შინდისის საბავშვო ბაღს, მისი მშენებლობა 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და 13 თვეში, 2025 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. თვეებია სამუშაოები შეჩერებულია. შინდისელები დახმარებას ითხოვენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.