ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
კერძო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ორი ადამიანი იმყოფებოდა, ბათუმიდან ორდუ-გირესუნის აეროპორტისკენ მიფრინავდა, როდესაც ტექნიკური გაუმართაობის გამო რიზეს პროვინციის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა.
მაშველებმა ორივე ადამიანის გადარჩენა მოახერხეს და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ორადგილიანი WT9 ტიპის თვითმფრინავი საფრანგეთშია რეგისტრირებული.
რიზეს გუბერნატორმა იჰსან სელიმ ბაიდაშმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე ორი ბელგიელი მამაკაცი იმყოფებოდა.
„მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთი მათგანი 55 წლისაა, მეორე კი 69 წლის. ისინი შემოწმებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – აღნიშნა გუბერნატორმა.
რიზეს პაზარის რაიონის გამგეობამ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ბელგიის მოქალაქეების სახელებიც გაავრცელა და ავარიული დაშვების მიზეზად ძრავის გაუმართაობა დაასახელა. მათი განცხადებით, ბორტზე ბელგიის ორი მოქალაქე – ვლასელერ ვერნერი და კრისტიან პაიფერი იმყოფებოდა.




