არქივი20 მაისი, 2024, 20:22
მედია: აშშ-ში განიხილება "Megobari" აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს
აშშ-ში განიხილება "Megobari" აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს, - ამის შესახებ სტატიას გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Politico ავრცელებს.
"ვაშინგტონს შეუძლია ხელი მოაწეროს საქართველოსთან ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს, თუ მისი მთავრობა შეწყვეტს მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკას და შეაჩერებს ადამიანის უფლებათა კუთხით უკან დახევას.
სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ კონგრესში ამ კვირაში წარდგენილი კანონპროექტის პირობების მიხედვით, ვაშინგტონი დაიწყებს მოლაპარაკებებს სამხრეთ კავკასიის ქვეყანასთან „მყარი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გასახსნელად, თუ საქართველოს მიერ ძირითადი პოლიტიკური კრიტერიუმები იქნება უზრუნველყოფილი.
ამერიკულ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან ერთად, კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს.
ის ასევე ავალდებულებს ოფიციალურ პირებს, შეიმუშაონ საქართველოსთვის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მოიცავს „უსაფრთხოებისა და თავდაცვითი აღჭურვილობის უზრუნველყოფას, რომელიც იდეალურად იქნება შესაბამისობაში რუსეთის აგრესიისგან თავდასაცავად, ასევე წვრთნების, ტექნიკური უზრუნველყოფისა და ოპერაციების მხარდასაჭერად“.
თუმცა, პროგრამა გააქტიურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ დაადასტურებს, რომ „საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი თავისი დემოკრატიის აღორძინების მიმართულებით, რაც დადასტურდება მინიმუმ არსებითად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემოთი“ - ნათქვამია სტატიაში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.