მედია: აბასთუმნის თავზე „ცა იკეტება“ – ობსერვატორიისთვის თუ ივანიშვილისთვის?

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს საჰაერო სივრცეში ცვლის რამდენიმე ისეთ საერთაშორისო ტრასას, რომლებზეც ყოველდღე მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიების ათეულობით სამგზავრო და სატვირთო ხომალდი ევროპასა და აზიას შორის დაფრინავს.

სახელმწიფო უწყებები საქართველოს საავიაციო სივრცის ნაწილის ჩაკეტვას იმით ამართლებენ, რომ აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას გამჭვირვალე ცა სჭირდება.

ასეა თუ არა ეს? ობსერვატორიის დირექტორი ამბობს, რომ კი. მაგრამ რადიო თავისუფლების წყაროები საავიაციო ინდუსტრიიდან და სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოებიდან ირწმუნებიან, რომ აბასთუმნის ცის ჩაკეტვა “ბიძინა ივანიშვილის ახირება” უფროა. “ქართული ოცნების” მილიარდერ დამფუძნებელს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე გაშლილ სამთო-ბალნეოლოგიურ კურორტზე 2020 წლიდან აქვს საოჯახო რეზიდენცია.

ამ სტატიაში გიყვებით, რა რისკები ახლავს აბასთუმნის თავზე საერთაშორისო საჰაერო ტრასების გაუქმებას და როგორ შეიცვალა სახელმწიფო პრიორიტეტები აბასთუმანში ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ.

“აბასთუმანი-2” – აკრძალვა მიწიდან უსასრულობამდე

სარჩევზე დაბრუნება

თვეების წინ, როდესაც ინფორმირებულმა წყარომ სახელმწიფო უწყებიდან, რომელსაც პირდაპირი შეხება აქვს საქართველოს საჰაერო სივრცის მართვის პროცესთან, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ივანიშვილის სურვილით აბასთუმნის ცა ავიახომალდებისთვის დაიკეტებოდა, საჰაერო სივრცის მომწესრიგებელ არცერთ სამართლებრივ აქტში, მათ შორის მთავრობის დადგენილებებში, ასეთ ცვლილებებს არაფერი მოასწავებდა.

არადა იგივე წყარო ასახელებდა დაკეტვის ზუსტ თარიღს – 2026 წლის 16 აპრილს.

მოგვიანებით, 2026 წლის 9 თებერვალს, საქართველოს მთავრობა ირაკლი კობახიძის ხელმოწერით გამოსცემს დადგენილება №52-ს, რომელიც ნაწილობრივ ცვლის ძველ, 2018 წლის №660 დადგენილებას „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესების” შესახებ.

ვრცლად