ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ბოლო თანამდებობაზე არასრული ერთი თვე დაყო და პოლიტიკიდან ისე წავიდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” სპეციალურად მისთვის დაგეგმილი კიდევ ერთი ახალი თანამდებობის შექმნა ვეღარ მოასწრო.
27 აგვისტოს, მთავრობის ადმინისტრაციაში, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი მარტომ გამართა. მის გვერდით არ იდგა პრემიერ-მინისტრი – მისთვის საჯარო მადლობა პირისპირ არ გადაუხდიათ და არც მისი შემცვლელი დაუსახელებიათ.
პოლიტიკიდან წასვლამდე, არასრულ ერთ წელში, მდინარაძემ სამი თანამდებობა გამოიცვალა და როცა ბოლოს, უსაფრთხოების გენერალ-მაიორის წოდებით, სამუშაოდ რეგიონების მიმართულებით გადაიყვანეს – ბევრმა იწინასწარმეტყველა, რომ მისი კარიერა დასასრულს უახლოვდებოდა.
ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მდინარაძე კი არ წავიდა, არამედ ის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით – თანდათან გაუშვეს.
27 აგვისტოს მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ – მისი გაშვება არ უნდოდათ ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს, თუმცა “შინაური საუბრის” დროს დაარწმუნა, რომ – ოჯახისთვის “მეტი დრო” ესაჭიროება, დასვენებასაც იმსახურებს და თანაც რეგიონული მიმართულების მენეჯერის პოსტზე – შეუცვლელი არ არის.
რა იწვევს შეკითხვებს?
რეგიონული განვითარების სამინისტროს ფეისბუკგვერდზე ბოლო პოსტი 25 აგვისტოთი თარიღდება. ტექსტში ნათქვამია, რომ მინისტრმა უკვე დაასრულა ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრების პირველი ეტაპი, განიხილეს “სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები”, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს “რეგიონებში მიმდინარე პროექტების ეფექტიანად განხორციელებას”; იმსჯელეს საკითხების “სწრაფად და ეფექტიანად გადაჭრის” გზებზეც.
ცნობა მინისტრის გადადგომისა და საერთოდ – პოლიტიკიდან წასვლის შესახებ არც სამინისტროსა და არც საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდებზე არ გამოქვეყნებულა.




