მდინარაძე: მიუხედავად პოლიციელის მუნდირისთვის შეუფერებელი შემთხვევებისა, პოლიციელობა ღირსეული პროფესიაა

მდინარაძე: მიუხედავად პოლიციელის მუნდირისთვის შეუფერებელი შემთხვევებისა, პოლიციელობა ღირსეული პროფესიაა
31 მაი 202622:54
ზუსტად ვიცი თუ რას ნიშნავს პოლიციელის პროფესია და რა ღირებულებებზე დგას ეს სამსახური, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანისთვის სამშობლო, ღირსება და ერთგულება.
საკუთარ თავზე და ბევრ თანამებრძოლზე გამომიცდია, როგორი ძლიერია პოლიციაში გუნდურობის განცდა, უღალატობა, ურთიერთგატანა, ურთიერთმხარდაჭერა, ერთმანეთისთვის თავგანწირვა, საქმისადმი თავდადება.
თქვენი საქმიანობა პროფესიულთან ერთად სხვა ბევრ სირთულესთანაც არის დაკავშირებული, მიუხედავად გამოწვევებისა, მიუხედავად პოლიციელის მუნდირისთვის შეუფერებელი ცალკეული მძიმე თუ ნაკლებად მძიმე შემთხვევებისა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევებისგან დამოუკიდებლადაც კი არაერთი ადამიანი თუ პირთა ორგანიზებული ჯგუფი ებრძვის ხშირად პოლიციელის იმიჯს, ღირსებას, სიამაყის განცდას, პოლიციელის შრომისა და თავგანწირვას მორალურ ფასს, – პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია.
გავიხსენებ იმ გმირ პოლიციელებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს სამსახურს შესწირეს. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. თანადგომას ვუცხადებ გმირების ოჯახებს, ახლობლებს, რომლებიც ამ მძიმე დანაკლისის ტკივილს სიამაყით ატარებენ. თქვენ ხართ საზოგადოების იმედი. თქვენ იცავთ ჩვენი შვილების მომავალს. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი პროფესიონალიზმი, სიმამაცე, გამბედაობა, ყოველდღიური ძალისხმევა ძალიან ფასეულია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, მის სიძლიერეში, დამოუკიდებლობაში, სიამაყის განცდაში! თუ ჩვენ დღეს ძალიან თამამად ვამბობთ: საქართველო არასდროს ყოფილა ასეთი დამოუკიდებელი, თავისუფალი და რომ დღეს ჩვენი სამშობლოს და ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენივე ქვეყანაში მიიღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანწილად, თქვენი დამსახურებაა! კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს. თითოეულს გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცეს, ჯანმრთელობას, ბევრ წარმატებას და ძალიან მალე, ერთიანი საქართველოს სიამაყით მსახურებას! ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს, საქართველოს.