ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მდინარაძე ბორელზე: ისეთი რაღაცების თქმა უწევს, რაც რაღაც გარემოებებს ეწინააღმდეგება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე "მეორე ფრონტის" შესახებ დასმული კითხვის პასუხად თქვა, რომ ამის შესახებ განცხადებები "სერიოზულად არ მიუღიათ".
მდინარაძის თქმით, ბორელს "ისეთი რაღაცების თქმა უწევს, რაც რაღაც გარემოებებს ეწინააღმდეგება". მისი მტკიცებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამის გამო ხშირად "უხერხულ მდგომარეობაშიც კი ვარდება".
"ბოლოს, თუ სწორი იყო თარგმანი არ ვიცი, მე ვერ მოვასწარი მეორედ ამ ნაწილის ყურება, უხერხულ მდგომარეობაშიც კი ვარდება ბატონი ბორელი, მაგალითად, უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების გამო. ბოლო ნაწილს თუ მოუსმინეთ, მას უწევს ისეთი რაღაცების თქმა, რაც რაღაც გარემოებებს ეწინააღმდეგება. ძალიან მეგობრული დამოკიდებულებით ვამბობ ამას.
ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან ადამიანები ევროკავშირშიც კი, როდესაც მათ სხვაგვარი კომენტარის გაკეთება უწევთ იმაზე, რაც ჩვენ საკუთარი ყურით მოვუსმინეთ. მაგალითად ის, რომ დანილოვმა მართლაც მოუწოდა საქართველოს მეორე ფრონტისაკენ. იყო თუ არა ეს ასე? ყველა ხომ მიდასტურებთ, რომ ასე იყო", - თქვა მდინარაძემ.
ჟურნალისტმა კობახიძესა და ბორელს ჰკითხა: "პრემიერმინისტო, თქვენ რამდენჯერმე ბრძანეთ, რომ უკრაინა მზადაა, საქართველოს ტერიტორიაზე მოხდეს "მეორე ფრონტის" გახსნა. დააკონკრეტეთ, რას გულისხმობდით. ბატონ ჯოზეფ ბორელთანაც მაქვს კითხვა, ქართველი პარტნიორები გატყობინებდნენ ის "საფრთხეების შესახებ", რაც მათი თქმით, უკრაინიდან მოდიოდა?".
ჯოზეფ ბორელმა უპასუხა, რომ "მეორე ფრონტთან" დაკავშირებით უკრაინის ოფიციალური პირებისგან მოწოდებები არ სმენიათ. ამასთან, დასძინა, რომ საქართველოსა და უკრაინას უნდა ჰქონდეთ საუკეთესო ურთიერთობა, რადგან მათი დაპირისპირებით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს.
ამავე კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უკრაინის ოფიციალური პირებისგან "რამდენიმე განცხადება გაკეთდა მეორე ფრონტის შესახებ". მისივე თქმით, ქართველების დამოკიდებულება უკრაინისადმი ძალიან ძლიერია როგორც პოლიტიკურად, ასევე ჰუმანიტარულად.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.