მაუწყებლების შემდეგ „ოცნებაში“ ონლაინ მედიის რეგულირებაზეც საუბრობენ

„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ონლაინ მედიებს არ ეხებათ, თუმცა ამ მხრივ მუშაობის გაგრძელება შეიძლება.
ამის შესახებ მან მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პირველი საკომიტეტო განხილვისას განაცხადა.
საუბარია ცვლილებებზე, რომლითაც „ოცნება“ ირწმუნება, რომ მედიაში მაღალ სტანდარტს აწესებს. სინამდვილეში კი კრიტიკული ტელევიზიების წარმომადგენლების განცხადებით, „ოცნება“ ცდილობს, რომ სისტემის ხელში გადავიდეს პოლიტიკური ცენზურის წარმოება.
ამ ცვლილებებით სისტემას სამართლებრივი და რეგულატორის მექანიზმები დაემატება, რომელიც მედიის მიერ წარმოებული პროდუქციის შინაარსში ჩარევას კანონიერს გახდის.
„ჩვენი ცვლილებები გაზეთებს და ონლაინ მედიას არ ეხება. დამატებითი გამოწვევა არსებობს. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დამატებით გაჩნდა ინფორმაციის გავრცელების ალტერნატიული წყაროები და ის ნიაღვარი, რომელიც მოედინება სხვადასხვა პლატფორმა იქნება თუ ონლაინ მედიები. რა თქმა, უნდა არის გამოწვევა და რეალურად საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის, ამ მედიებითაც იღებს ინფორმაციას და ჩვენ შეგვიძლია დამატებით კიდევ გავაგრძელოთ მუშაობა ამ საკითხის რეგულირებასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს როგორც მაუწყებლებში ინფორმაციის გავრცელების კუთხით, ასევე ონლაინ მედიის მედიით გავრცელებით კუთხითაც. უბრალოდ, ახლა აქ წარმოდგენილი ცვლილებები ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონში შედის ტელევიზიებსა და რადიოებს უცხოეთიდან დაფინანსებას მიღებას უკრძალავს, რაც ისედაც კრიზისში მყოფი კრიტიკული მაუწყებლების მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეფე ჩარლზ III: დღეს კი, ბატონო სპიკერო, იგივე ურყევი სიმტკიცეა საჭირო უკრაინისა და მისი მამაცი ხალხის დასაცავად, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჭეშმარიტად სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა

ირაკლი კობახიძე – შეუძლიათ, ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებგვერდებზე, მაგრამ გვაინტერესებს, როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია, გამოვიდეს კომიკური მდგომარეობიდან