მატარებელი აზერბაიჯანული 1218 ტონა ბენზინით სომხეთის სადგურში ჩავიდა

აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში გაგზავნილი აზერბაიჯანული ბენზინით დატვირთული მატარებელი სომხეთის „აირუმის“ სარკინიგზო სადგურში ჩავიდა. ინფორმაციას “არმენპრესი” ავრცელებს.
1988 წლიდან დღემდე სომხეთს აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტები არ მიუღია – ეს არის პირველი მატარებელი, რომელიც შედგება 22 ვაგონისგან.
სომხური მხარის განმარტებით, ვინაიდან მატარებლის ტვირთი არ განეკუთვნება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ტვირთებს, მან აუცილებლად უნდა გაიაროს საბაჟო შემოწმება.
მისი თქმით, მატარებლის 11 ვაგონი „აირუმის“ სადგურიდან გაემგზავრება ერევნის სარკინიგზო სადგურის მიმართულებით, ხოლო დანარჩენი 11 – „კარმირ ბლურის“ სადგურისკენ.
იქამდე სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორქ პაპოიანმა „ფეისბუქის“ თავის გვერდზე განიხილა აზერბაიჯანული ბენზინის იმპორტი სომხეთში და აღნიშნა, რომ ეს არის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირველი სავაჭრო-ეკონომიკური გარიგება დამოუკიდებლობის შემდეგ.
ბენზინის შეძენის შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნა მიმდინარე წლის 28 ნოემბერს გაბალაში, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერების, მჰერ გრიგორიანისა და შაჰინ მუსტაფაევის შეხვედრაზე.
საწვავის მატარებელს წინ უძღოდა აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით რუსული და ყაზახური ხორბლით დატვირთული მატარებლების შემოსვლა სომხეთში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.