მარნეულში ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოს მიმდებარედ, მოქალაქეები უკანონო თევზჭერას გასაბერი ნავიდან, თევზჭერის აკრძალული იარაღის - ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდნენ.
ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თევზჭერის აკრძალული საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული თევზი დალუქეს.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.