მარკო რუბიო – ირანმა ურანის გამდიდრება უნდა შეწყვიტოს, მაგრამ შეიძლება სამოქალაქო ბირთვული პროგრამა ჰქონდეს

ირანმა ურანის გამდიდრება უნდა შეწყვიტოს, მაგრამ შეიძლება სამოქალაქო ბირთვული პროგრამა ჰქონდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
„სამოქალაქო, მშვიდობიანი ბირთვული პროგრამისკენ გზა არსებობს, თუ მათ ეს სურთ. მაგრამ, თუ ირანი კვლავ დაჟინებით მოითხოვს ურანის გამდიდრებას, ის ერთადერთი ქვეყანა გახდება, რომელსაც ბირთვული იარაღის პროგრამა არ ექნება, მაგრამ ურანის გამდიდრებას გააგრძელებს. ვფიქრობ, ეს პრობლემას წარმოადგენს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
მარკო რუბიო აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ირანს ურანის 3.67%-ზე მეტად გამდიდრება არ სჭირდება.
„ის საუბრობდა იმ გამდიდრებული მასალის დონეზე, რომლის შემოტანის საშუალებაც სხვა ქვეყნებიდან მიეცემათ, როგორც ამას მსოფლიოს ბევრი ქვეყანა აკეთებს, მათი სამოქალაქო ბირთვული პროგრამისთვის. თუ ირანს სურს სამოქალაქო ბირთვული პროგრამა ჰქონდეს, ეს შეუძლია გააკეთოს ისე, როგორც მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყანა აკეთებს, გამდიდრებული ურანის უცხოეთიდან შეტანით“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ცნობისთვის, გასული ორი კვირის განმავლობაში ირანსა და აშშ-ს შორის თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩსა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი შაბათს, 26 აპრილს ომანში შედგება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ციხე არსებობს კრიმინალისთვის. ვინც ჩაიდენს კრიმინალს, ეს იქნება უფლებადამცველი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ყველას ადგილი უნდა იყოს იქ, რისთვისაც არის ციხე შექმნილი. ეს არის პრევენციაც… (ვიდეო)

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან