მარია ზახაროვა - ნიკოლ ფაშინიანის განცხადება აზერბაიჯანთან ომის საფრთხის შესახებ, ერევნის დღევანდელი ხელისუფლების დასავლეთთან კონსულტაციების შედეგია
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადება აზერბაიჯანთან ომის საფრთხის არსებობის შესახებ, არ არის დაკავშირებული რუსეთთან, ეს არის ერევნის ხელისუფლების კომპეტენცია და დასავლეთთან მათი კონსულტაციების შედეგი, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„სადამდე მიიყვანეს საქმე ახალმა კურატორებმა ევროკავშირიდან, ნატო-დან და ვაშინგტონიდან? გთხოვთ გაითვალისწინოთ: ეს განცხადება არანაირად არ არის დაკავშირებული რუსეთთან. ეს არის ერევნის დღევანდელი ხელისუფლების ექსკლუზიური კომპეტენცია და დასავლეთთან მათი კონსულტაციების შედეგი“, - წერს ზახაროვა „ტელეგრამ“ არხზე.
შეგახსენებთ, მანამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თუ ერევანი არ შეასრულებს ბაქოს მოთხოვნებს აზერბაიჯანისთვის რამდენიმე სოფლის გადაცემის შესახებ, შესაძლოა, ომი დაიწყოს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.