15
მარია ზახაროვას განცხადებაზე შალვა პაპუაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს. პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ არ იცის განცხადების შინაარსი, თუ რას გულისხმობს ზახაროვა.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებით და არ უყურებს იმას, ვინ, რას ამბობს და ვინ, როგორ აფასებს – ამბობს პაპუაშვილი.
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, სწორედ იმის გამო, რომ ხელისუფლება არ უსმენს, არ არის აყოლილი სხვების განცხადებებს და ერთადერთი, ვინც უსმენს ეს არის ქართველი ხალხი და მისი ინტერესები, გვაქვს 14 წლიანი მშვიდობის უწყვეტი პერიოდი და ეკონომიკური აღმავლობის განსაკუთრებული პერიოდი, როდესაც ჩვენ, რამდენიმე წლიან მონაკვეთში ჩვენი ეკონომიკის სწრაფი ზრდა შევძელით და ვართ ლიდერები მსოფლიოში.
რაც შეეხება ვაჭრობას, არ ვიცი, როგორც ვხვდები რუსეთი ძალიან კარგად ვაჭრობს ევროკავშირთან, რუსეთს ამის სურვილი აქვს. ნახსენები იყო ალკოჰოლური სასმელები, ღვინო და ა.შ. შეგახსენებთ, თუკი ვინმესთან არის რუსეთი არამეგობრულ ურთიერთობაში, ეს ბალტიის ქვეყნებია და შეგახსენებთ,რომ ლიეტუვა იყო ლიდერი, საქართველოს უსწრებდა ღვინის ექსპორტით და შესაბამისად, რუსეთში იმპორტით. ასე რომ არ ვიცი, განცხადების შინაარსი, რას გულისხმობს, თუმცა ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ინტერესებით და ის, რაც იქნება კარგი ჩვენი ხალხისთვის, ზუსტად ისე იქნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
