მანჩო გიორგობიანის საქმეზე 4 პირი დააკავეს, ჯაკო ჩარკვიანისგან ამოიღეს იარაღებიც – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 4 პირი, მათ შორის ჯანსუღ (ჯაკო) ჩარკვიანი დააკავეს.
უწყების ცნობით, ჯაკო ჩარკვიანისგან ნივთმტკიცებად ამოღებულია: 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვლულიანი თოფი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 110 ვაზნა. შსს-ს განცხადებით, ჩარკვიანი ცეცხლსასროლ იარაღებს და საბრძოლო მასალას, სავარაუდოდ, უკანონოდ ინახავდა.
„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 4 პირი – 1996 წელს დაბადებული ჯ.ჩ., 2000 წელს დაბადებული ლ.გ., 1999 წელს დაბადებული დ.პ. და 1995 წელს დაბადებული დ.კ. დააკავეს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, სამართალდამცველების მიერ უკვე დაკავებულია მანანა გიორგობიანი.
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა მანანა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტის თანამშრომლებს – 2006 წელს დაბადებულ თ.მ.-ს და 2004 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, რის შემდეგაც დაუკავშირდა თავის ნაცნობს -1996 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“