მანდატების გაუქმება დევნისთვის გზის გასუფთავებაა — გახარია

გიორგი გახარია მისი პარტიისთვის საპარლამენტო მანდატების ჩამორთმევას სისხლისსამართლებრივი დევნის წინაპირობად აფასებს.
„დღეს, ერთპარტიული რეჟიმის სახით მოქმედმა „ქართულმა ოცნებამ“ ერთხმად მისცა ხმა პარტია „საქართველოსთვის“ ყველა 12 მანდატის გაუქმებას. პოლიტიკური ბოიკოტი კონსტიტუციური უფლებაა, რომელიც ჩვენ პასუხისმგებლობით გამოვიყენეთ 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, უარი ვთქვით მიტაცებულ საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე, მაგრამ არ დავთმეთ ჩვენი ხალხის მანდატი. მანდატების ჩამორთმევა არასდროს ყოფილა პროცედურასთან დაკავშირებული — ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნისთვის გზის გასუფთავება, იმუნიტეტის გაუქმება შეთითხნილი ბრალდებების წინ და მთავარი პოლიტიკური საფრთხის აღმოფხვრა მუნიციპალური არჩევნების წინ“, — წერს გახარია X-ზე.
მისი თქმით, იმუნიტეტის მოხსნა, სისხლის სამართლის ბრალდებების გამოგონება და პოლიტიკური ალტერნატივების აღმოფხვრა კრემლის სახელმძღვანელოდანაა.
არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა გახარიას პარტიის 12 წევრებს მანდატები შეუწყვიტა.
პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ: გიორგი გახარიას, თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახაბერ ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს და ზვიად ძიძიგურს.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – მივიჩნევთ, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან

არქივი: მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს აღარავინ მოეფერება და იქ ჯარების გაგზავნასაც აღარავინ დაიწყებს. უბრალოდ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, ისე რომ დიდად არც გაარჩევენ, ვის ან რას ურტყამენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ…