“მამუკა ჯუღელი აღარ არის ხვიჩას აგენტი…”

გთავაზობთ ეპიზოდს ხვიჩა კვარაცხელიას მამის, ბადრი კვარაცხელიას ექსკლუზიური ინტერვიუდან. მასალის სრულად წაკითხვას შეძლებთ “კვირის პალიტრის” 27 აპრილის ნომერში.

– მეუღლის და მამის სტატუსმა რა შეცვალა ხვიჩას ცხოვრებაში?

– ახლა გაცილებით მეტი მოტივაცია და პასუხისმგებლობა აქვს. მომქანცველი ვარჯიშისა თუ მატჩის შემდეგ შინ დაბრუნებულს, სახლში დიდი სიყვარული ხვდება! როცა დაოჯახდნენ, ხვიჩა და ნიცა ასაკით პატარები იყვნენ, მაგრამ დღემდე ავსებენ ერთმანეთს, მათი სიყვარული პირველ შვილთან ერთად გრძელდება და მინდა ორივეს დიდი მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ დამიანე მაჩუქეს! ჩვენმა უფროსმა შვილმა – ნიკამ რამდენიმე წლის წინ გვაგრძნობინა პირველი შვილიშვილის დაბადებით გამოწვეული უდიდესი სიხარული, ახლა, სესილის დამიანეც დაემატა და… როცა ცაცია ფეხი პირველად დაარტყა ბურთს, სიცილით ვთქვი – ახლა უკვე მშვიდად ვარ, კვარაცხელიების საფეხბურთო დინასტიას საიმედო გამგრძელებელი ჰყავს-მეთქი! დამიანე კვარაცხელია აუცილებლად ითამაშებს ფეხბურთს და გახდება მეოთხე თაობის ფეხბურთელი ჩვენს ოჯახში – მამაჩემიც ფეხბურთელი იყო, მეც, ახლა ჩემი შვილები და… ცოტა ხანში – შვილიშვილიც!

მოუთმენლად ველი იმ დროს, როცა დამიანეს წავიყვან ვარჯიშზე… წლინახევრის ბავშვს ასე ძალიან უყვარდეს ფეხბურთი, პირველად ვხედავ… პსჟ-ს თამაშის დროს ტელევიზორს არ სცილდება, კლუბის ყველა ფეხბურთელს ცნობს და მათ გვარებს სხაპასხუპით ჩამოთვლის ხოლმე. ბაბუასავით ცაციაა და მარცხენა ფეხს ისე იქნევს, აუცილებლად თავდამსხმელი იქნება! ხვიჩა მეუბნება – შენ რომ გაზარდე, მე დამიანეს იმაზე მაგარ ფეხბურთელად გავზრდიო და… ვნახოთ!

– მთელი საქართველო თანახმა ვართ: ხვიჩას ჯერ თორნიკე კვარაცხელიამ აჯობოს, რამდენიმე წელიწადში კი – დამიანემაც!

– საქართველოს ეროვნული ჰიმნის დროს ბევრჯერ მიფიქრია, რამხელა სიამაყე და სიხარული იქნება, ნაკრებში მოხვედრის პატივი თორნიკემაც რომ დაიმსახუროს და ძმებმა ერთდროულად ითამაშონ-მეთქი?! სამი ძმა არველაძის მამა – იუსტინე (კიჭა) არველაძე უბედნიერესი კაცია – ეროვნულ ნაკრებში მისმა სამივე ვაჟმა ითამაშა და სულ მიკვირს – როცა ეროვნული ჰიმნის დროს ნაკრების მაისურში გამოწყობილ ვაჟებს უყურებდა, ბატონი იუსტინეს გულმა როგორ გაუძლო ამხელა სიხარულს.

ვრცლად