მამუკა მდინარაძე – მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს, მისი პრემიერობის დროს დიდ წარმატებას მიაღწია ქვეყანამ

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, აცხადებს, რომ პარტიის ყრილობა პირველ თებერვალს გაიმართება, სადაც შესაბამისი ცვლილებები დამტკიცდება.
ამასთან, მდინარაძემ მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს, იმისთვის, რაც მან პრემიერობის პოსტზე ყოფნის დროს ქვეყნისთვის გააკეთა.
„24 იანვარს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც დღეს საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. პოლიტსაბჭოს მხრიდან იყო შეთავაზება, რომ საარჩევნო მარათონის აქტიურ ფაზაში გადასვლამდე ყოფილიყო და შემდეგ მომხდარიყო ცვლილება, გარკვეული როტაციის პრინციპით, როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, თუმცა თავად ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალ პრემიერს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მთელი ეს პერიოდი გამოიყენოს ახალი გუნდის ჩამოსაყალიბებლად, ახალი ხედვების, მიდგომების ჩამოსაყალიბებლად და ა.შ.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს, იმისათვის, რაც მან ამ წლების განმავლობაში ამ ქვეყნისთვის გააკეთა. იცით, რომ მისი პრემიერობის დროს დიდ წარმატებას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ. ეს არ არის ჩვენი გუნდის წარმატება, ეს მთელი ქვეყნის წარმატებაა. განსაკუთრებით გამოვყოფდი ეკონომიკურ წინსვლას, ეკონომიკურ პროგრესს, რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსს და სხვა უამრავი წარმატება, რაც საქართველომ მიიღო მისი პრემიერობის დროს. ეს ვიღაცებისთვის არ არის მარტივი, გვახსოვს ჩვენ პერიოდი, მაგალითად, 2012 წლამდე, როდესაც ქვეყნის პირველი პირობა იყო პრივილეგია და კომფორტი. დღეს, დადგა ის დრო, როცა ეს არის უდიდესი ტვირთი, პასუხისმგებლობა. ვიცით, რომ დემოკრატია მსხვერპლსაც მოითხოვს და ბევრი რაღაცის ატანა უხდებათ, განსაკუთრებით ლიდერებს, მაშინ როდესაც ქვეყანას მართავ. ამ ყველაფრისთვის მას დიდი მადლობა ეკუთვნის.
24 დეკემბერს ამ ყველაფერზე გვქონდა საუბარი. პოლიტსაბჭოს მიერ მოწვეული იქნა ყრილობა, რომელიც 1-ელ თებერვალს გაიმართება და იქ უკვე დამტკიცდება ცვლილებები. ცვლილებები გამოიხატება იმაში, რომ ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილია პარტიის თავმჯდომარედ, იმიტომ რომ ირაკლი უკვე აღარ არის პარტიის თავმჯდომარე, შესაბამისად, ჩვენ ასევე გვაქვს მონახაზი, რომ მის ადგილს პოლიტსაბჭოში – სამდივნოში, როგორც პოლიტიკური მდივნის ადგილს დაიკავებს “, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი