მაკრონმა არ გამორიცხა დასავლური ჯარების გაგზავნა უკრაინაში
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლური სამხედრო ძალების გაგზავნა არ გამორიცხა.
ამასთან, მაკრონი ამბობს, რომ ამ ნაბიჯზე კონსენსუსი არ არსებობს.
„დღეს არ არსებობს კონსენსუსი სახმელეთო ჯარების ოფიციალურად გაგზავნაზე, მაგრამ… არაფერია გამორიცხული“, — თქვა მაკრონმა პარიზში, უკრაინის მხარდაჭერის სამიტის დასრულების შემდეგ.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის დამარცხება აუცილებელია ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის და აუცილებელია, ევროპა სიტყვებიდან მოქმედებაზე გადავიდეს, რათა მკაფიო გადაწყვეტილებები იქნას მიღებული აშშ-ისგან დამოუკიდებელი ევროპული თავდაცვის ასაშენებლად.
„ჩვენ ვერ დაველოდებით ამერიკის არჩევნების შედეგს, რათა გადავწყვიტოთ, როგორი იქნება ჩვენი მომავალი. ეს ევროპის მომავალია, რაც სასწორზე დგას, ამიტომ ევროპელების გადასაწყვეტია. თუ სხვებს სურთ შეუერთდნენ და დაეხმარონ, ფანტასტიკურია, მაგრამ ეს მხოლოდ დამატებითი ბონუსი იქნება“, — აღნიშნა მაკრონმა.
მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეები შექმნიან კოალიციას, რომელიც კიევს საშუალო და შორი მანძილის რაკეტებით მიაწოდებს.
Politico-ს ცნობით, ევროკავშირის ლიდერებმა, ასევე, წინ წაიწიეს შეთანხმებისკენ, რომელიც უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მესამე ქვეყნების მომწოდებლებისგან შესყიდვას ითვალისწინებს. ეს ეწინააღმდეგება საფრანგეთის სტრატეგიულ ავტონომიის დღის წესრიგს და ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერების სურვილს.
პარიზი ადრე ამტკიცებდა, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისგან იარაღისა და ჭურვების ნაჩქარევი შესყიდვები საფრთხეს უქმნის ევროპული თავდაცვის მწარმოებლების წახალისებას.
ჩეხეთი უძღვება კამპანიას 1.4 მილიარდი ევროს მოზიდვის მიზნით, რათა აშშ-ის დაბლოკილი დახმარების პაკეტისა და ევროკავშირის მიწოდების შეფერხების პირობებში, უკრაინაში გასაგზავნი საბრძოლო მასალა შეისყიდონ. საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ პარიზი „მონაწილეობას მიიღებს ინიციატივაში“.
უკრაინაში სამხედროების გაგზავნის თემა პირველად საჯაროდ წამოიჭრა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ. მან სამიტის წინ ისაუბრა „დახურულ დოკუმენტზე“, რომლის თანახმადაც, „ნატოსა და ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა ორმხრივ საფუძველზე უკრაინაში ჯარების გაგზავნას განიხილავდა“.
საფრანგეთის ოპოზიციის ლიდერებმა დაგმეს პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იმის გამო, რომ დაუშვა დასავლური ჯარების გაგზავნა უკრაინაში.
„არ ვიცი, ყველა ხვდება თუ არა ასეთი განცხადების სერიოზულობას. ემანუელ მაკრონი თამაშობს ომის ლიდერს, მაგრამ ის ჩვენი შვილების ცხოვრებაზე საუბრობს ასეთი დაუდევრობით. სასწორზეა, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა ან ომი“, — დაწერა X-ზე (ყოფილი Twitter) მარი ლე პენმა.
მაკრონის კომენტარებს „უპასუხისმგებლო“ უწოდა ჟან-ლუკ მელანშონმა და თქვა, რომ „რუსეთის წინააღმდეგ ომი სიგიჟე იქნება“.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.