მაკა ბოჭორიშვილი: კაია კალასი ვერ განსაზღვრავს საქართველო იყოს იზოლაციაში, ვინ მიესალმება საგარეო საქმეთა მინისტრს და ვის შევხვდებით

თქვენი ოცნებები იზოლაციასთან დაკავშირებით მხოლოდ თქვენი ოცნებებია. სასაცილოა, კაია კალასი ვერ განსაზღვრავს საქართველო იყოს იზოლაციაში, ვინ მიესალმება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ვის შევხვდებით… დღეს ასე არ ხდება! – ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემი მინისტრობის პერიოდში ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკა შეიცვლება, – ასე მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრებს, რომლებმაც ის საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით მიიწვია.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, არანაირი საფუძველი და გამართლება იმ მიდგომას, რა მიდგომითაც დღეს ევროკავშირი წარმართავს საქართველოსთან ურთიერთობებს, არ აქვს.

„თქვენი ოცნებები იზოლაციასთან დაკავშირებით მხოლოდ თქვენი ოცნებებია. არანაირი რეალური საფუძველი ამას არ აქვს. სასაცილოა, კაია კალასი ვერ განსაზღვრავს საქართველო იყოს იზოლაციაში, ვინ მიესალმება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ვის შევხვდებით. დღეს ასე არ ხდება! საქართველო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას იყენებს, რათა საქართველოს ეროვნული ინტერესები იყოს დაცული, სათანადოდ წარმოჩენილი. თქვენი საოცნებო იზოლაციით ნუ შემოიფარგლებით, გაიხედეთ კარგად, შეხედეთ გარშემო, სამყაროში რა ხდება. რა როლის და ფუნქციის შესრულება უწევს საქართველოს.

არ ვიცი, შინაგან საქმეთა მინისტრად რატომ წარმოგიდგენივართ, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრის და სამინისტროს ფუნქციაა საქართველოს ეროვნული ინტერესები ქვეყნის გარეთ სათანადოდ იყოს დაცული. ქვეყანას ჰქონდეს უსაფრთხო გარემოში განვითარების შესაძლებლობა. ეს არის ის, რაც მამოძრავებს. ეს არის ის, რაც ამოძრავებს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ვიდრე ამ პოზიციაზე ვიქნები, [მიზანი იქნება] არცერთი ნაბიჯი არ დავუშვათ და არ გადავდგათ ისეთი, რაც მინიმალურ საფრთხესაც კი შეუქმნის ქვეყნის სტაბილურობას და უსაფრთხოებას. ამას ვაკეთებთ ყოველდღიურ რეჟიმში და გავაგრძელებთ.

ევროკავშირში ინტეგრაცია რჩება ჩვენი ქვეყნისთვის იმ მიმართულებად, სადაც ჩვენ ვფიქრობთ და მიგვაჩნია, რომ შევქმნით ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის და განვითარებისთვის სათანადო ჩარჩოს. გვესმის, რომ ეს პროცესი არავისთვის არ ყოფილა ერთგვაროვანი. ყოველთვის შეიძლება იყოს სირთულეები, ყოველთვის შეიძლება იყოს ცვლილებები პოლიტიკაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემი მინისტრობის პერიოდში ეს პოლიტიკა ევროკავშირის მხრიდან შეიცვლება.

არანაირი საფუძველი და გამართლება იმ მიდგომას, რა მიდგომითაც დღეს ევროკავშირი წარმართავს საქართველოსთან ურთიერთობებს არ აქვს. განა იმიტომ, რომ ჩვენ ვზიანდებით – არა, ამით ზიანდება საერთო ევროპული ინტერესები. საერთო ევროპული ინტერესები ნიშნავს, რომ ჩვენ და ევროპას საერთო ინტერესები გვაქვს. საერთო ინტერესებს აზიანებს ის მიდგომები, რასაც ბრიუსელი მხრიდან ვხედავთ. საქართველოს ინტერესებზე ზრუნვას არავის ვაბრალებ და ვთხოვ. ჩემ ცხოვრებაში პასუხისმგებლობა არასდროს მომიხსნია და არ მოვიხსნი იმ პასუხისმგებლობას, რაც მაქვს, რომ გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას საერთაშორისო არენაზე, როგორც ამას აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო“, – აღნიშნავს ბოჭორიშვილი.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრები ცდილობენ ლექციები წაიკითხონ დემოკრატიული გზიდან გადახვევაზე, თუმცა „დემოკრატიის არსიც არ იციან“.

„ქართულ ოცნებას“ ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. ეს არის სიცრუე! თქვენი ბრალდებები დემოკრატიული გზიდან გადახვევასთან დაკავშირებით სასაცილოა იმ პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელსაც როგორც ლევან მახაშვილმა ბრძანა, ერთი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ელემენტარული დემოკრატიული პროცესის არსი გაეგო და პარლამენტში დაედო ბინა, შემოსულიყო, როგორც მათ განუსაზღვრა ამომრჩეველმა.

დღეს, თქვენ ცდილობთ ლექციები წაგვიკითხოთ დემოკრატიული გზიდან გადახვევაზე. დემოკრატიის არსიც არ იცით, რაზე გვესაუბრებით საერთოდ?!

თქვენი არასწორი ქმედებების გამო შეაჩერა ევროკავშირმა დიალოგიო. ვთანხმდებით, რომ „ქართულ ოცნებას“ არაფერი შეუჩერებია. რაც შეეხება ჩვენს ნაბიჯებს, ჩვენი ქმედებები არის სრულიად ლეგიტიმური ქმედებები, მიზანმიმართულად და განზრახ დავიცავით ამ ქვეყნის უსაფრთხოება, განზრახ დავიცავით ამ ქვეყნის სტაბილურობა“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.