ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლონდონში ფრედი მერკურის სახლი იყიდება - 45 წლის განმავლობაში მისი ღირებულება 60-ჯერ გაიზარდა

ფრედი მერკურის სახლი ლონდონში, სადაც ის სიცოცხლის ბოლო ათწლეულში ცხოვრობდა, 45 წლის შემდეგ გასაყიდად არის გამოტანილი. 1907 წელს აშენებული სახლის ფართობი და დაგეგმარების დეტალები, პრივატულობის მოტივით, საჯაროდ არ არის გამჟღავნებული. ამავე მიზეზით, მისი გაყიდვის შესახებ განცხადება ინტერნეტში არ გამოქვეყნებულა.
Garden Lodge-ის სასახლე მდებარეობს კენსინგტონის პრესტიჟულ მხარეში და შეიძლება გაიყიდოს 30 მილიონ ფუნტად (38 მილიონი დოლარი). ბოლო 45 წლის განმავლობაში სასახლის ღირებულება დაახლოებით 60-ჯერ გაიზარდა.
Queen-ის ფრონტმენმა სახლი 1980 წელს იყიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ქონებაში ნაღდი ფული გადაიხადა. ბინის ფასი იმ დროს 500 ათას ფუნტ სტერლინგზე მეტი იყო.
„ვნახე თუ არა სახლი შემიყვარდა და ნახევარ საათში ჩემი გახდა“- აცხადებდა მერკური.
მუსიკოსმა სასახლეს რესტავრაცია ჩაუტარა და ხელოვნების მრავალი ნიმუშით შეავსო, მათ შორის პიკასოს, დალის და მატისის ნახატებით.
„მე მომწონს დიდებული ნივთებით გარშემორტყმული ყოფნა. მინდა ვიქტორიანული ცხოვრებით ვიცხოვრო დახვეწილ უწესრიგობაში", - ამბობდა მუსიკოსი.
სახლი გასაყიდად თებერვლის ბოლოს მერი ოსტინმა გამოიტანა, რომელმაც სასახლე მემკვიდრეობით მიიღო მერკურის გარდაცვალების შემდეგ 1991 წელს. მერკური ოსტინს თავისი ცხოვრების სიყვარულს უწოდებდა.
გასული წლის ბოლოს, 72 წლის ოსტინმა აუქციონზე გამოიტანა მუსიკოსის 1500 პირადი ნივთის კოლექცია, შემდეგ კი გადაწყვიტა გაეყიდა სახლი, რომელშიც 30 წელზე მეტი ცხოვრობდა ორ შვილთან ერთად. მათი მამა არის მხატვარი და მეწარმე პიერს კამერონი, რომელთანაც ოსტინი ოფიციალურად იყო დაქორწინებული 1990 წლიდან 1993 წლამდე.
„ეს სახლი გახდა მოგონებების მშვენიერი საგანძური, რადგან ყველა ოთახი სავსეა სიყვარულით და სითბოთი”, - ამბობს ოსტინი განცხადებაში.
„სასიამოვნო იყო აქ ცხოვრება და ბევრი მშვენიერი მოგონება დამრჩა. ახლა, როდესაც ის ცარიელია, მე დავბრუნდი იმ მომენტში, როდესაც პირველად ვნახეთ. იმ მომენტიდან, როცა მე და ფრედიმ ლეგენდარულ მწვანე კარში გავიარეთ, ეს იყო სიმშვიდის ადგილი, ნამდვილი ხელოვანის სახლი. ახლა არის დრო, რომ ეს სიმშვიდის განცდა მომდევნო ადამიანს მივანდოთ.“
ჯგუფის გულშემატკივრების მიერ მრავალი წარწერებითა და ნახატებით დაფარული კარი, რომელიც ბაღის აგურის ღობეში იყო ჩატანებული, გასულ წელს Sotheby's-ის აუქციონზე 524,000 დოლარად გაიყიდა.
ფრედი მერკური საკუთარ სახლში 1991 წელს შიდსით გამოწვეული პნევმონიით 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.