ლოზუნგით “გავათენოთ საქართველოსთვის” 12 მაისს მოქალაქეები პარლამენტის წინ შეკრებას გეგმავენ

“გავათენოთ საქართველოსთვის” – ამ ლოზუნგით 12 მაისს, 22:00 საათზე მოქალაქეები პარლამენტის წინ შეიკრიბებიან.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაათენონ ღამე, ვინაიდან 13 მაისს, დილას, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მოსმენა.
აქციის მონაწილეები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ თან იქონიონ საძილე ტომრები, მცირე ზომის კარვები და სხვა ნივთები.
„საქართველოს მოქალაქეებო, ჩვენი ევროპული არჩევანისთვის ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე.
ყველა, ვინც ვირჩევთ საქართველოს ევროპაში და არა-ს ვეუბნებით რუსულ კანონს – 12 მაისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ.
ვიკრიბებით და ვრჩებით ღამით, რადგან 13 მაისის დილას, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა, მესამე მოსმენით კენჭისყრის მოსამზადებლად.
რადგან ღამით დარჩენა მოგვიწევს, წინასწარ დავიჭიროთ თადარიგი, თან ვიქონიოთ საძილე ტომრები, მცირე ზომის კარვები, ფაუერბანკები, აირწინაღები, დამცავი სათვალეები და ყველა ის ნივთი, რაც დაგვეხმარება ვიყოთ უსაფრთხოდ.
ქვეყნის სიყვარულში ჩვენი დაუღალავი ერთობით – გავათენოთ ღამე ერთად და დილით, არ მივცეთ საშუალება ოცნების დეპუტატებს აუღელვებლად შევიდნენ პარლამენტის შენობაში და გააგრძელონ ხალხის ნების, ევროკავშირისა და კონსტიტუციის საწინაღმდეგო მოქმედება.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ