ლიკა ზაკაშვილი: სახალხო დამცველი როგორც 2024 წლის, ისე 2025 წლის ანგარიშში აღნიშნავს, რომ აქციების კონტექსტში დაწყებული გამოძიებების კვალიფიკაცია უდიდესი პრობლემაა

„პუბლიკას“ მთავარი რედაქტორის ლიკა ზაკაშვილი:

„სავარაუდო არასათანადო მოპყრობა, მათ შორის, წამება და არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა როგორც გაზაფხულის, ასევე ზამთრის აქციების მონაწილეთა მიმართ იყო სისტემური და ცალკეულ შემთხვევებში – მასშტაბური.“
ეს არის ამონარიდი სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშიდან.
სტატისტიკა:
2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე სახალხო დამცველის მიერ მონახულებული 442 პირიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 267 პირი (60%).
ისევ სახალხო დამცველის ანგარიშიდან:
რამდენიმე ათეული მსხვერპლი მიუთითებს სპეცრაზმის მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსგავსი, ერთნაირი ხერხებისა და მეთოდების გამოყენებაზე.
ასევე ზამთრის აქციების შესახებ უმნიშვნელოვანესი ანგარიშია „ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ“
კვლევის ფარგლებში 117 რესპონდენტი გამოიკითხა. მათი 77.7% (91 რესპონდენტი 117-იდან) მიუთითებს, რომ ისინი დაექვემდებარნენ ძალადობას და არასათანადო მოპყრობას პოლიციის მხრიდან, 19 ნოემბერი – 28 იანვრის პერიოდში მიმდინარე პროტესტის კონტექსტში.
ამონარიდი ამ კვლევიდან:
„არსებული მტკიცებულებები და ძალადობის მსხვერპლთა ჩვენებები ცხადყოფს, რომ სახეზეა სისტემური წამება –
სასტიკი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა აქციის მონაწილეთა დასაშინებლად და დასასჯელად.”
მსხვერპლთა ჩვენებების მიხედვით, გამოიკვეთა შემდეგი:
გდდს რაზმი მონაწილეებს უსაფუძვლოდ აკავებდა. სცემდნენ. შემდეგ გადაჰყავდათ პოლიციის კორდონის მიღმა, სადაც ძალადობა უფრო ინტენსიური ხდებოდა.
ძალადობა გრძელდებოდა სადამსჯელო მიკროავტობუსებში – სპეცრაზმის წევრები, სპეციალური ხელთათმანების საშუალებით, ფეხით, ზოგ შემთხვევაში, კეტით ან სხვა ხელსაწყოს გამოყენებით, ჯგუფურად სცემდნენ მსხვერპლებს.
ფიზიკურ ძალადობას, როგორც დაკავების შემდეგ, ისე მიკროავტობუსში, თან ახლდა ნივთების წართმევა, შეურაცხყოფა, დამცირება და მუქარა, მათ შორის, გაუპატიურებით დამუქრება. როგორც წესი, სპეცრაზმელები მსხვერპლებს მიზანმიმართულად ურტყამდნენ თავისა და სახის არეში.
46-ე გვერდიდან დაზარალებულთა ციტატებსაც ნახავთ, ყოველ ჯერზე ცუდად მხდის ამ ანგარიშთან მიბრუნება. [ბმული კომენტარში]
ძალადობა სისტემური და მასშტაბური რომ იყო ამას „ქართული ოცნების“ მიერ დაზარალებულად ცნობილი ადამიანების რაოდენობაც ადასტურებს.
2024 წელს გამართულ [როგორც გაზაფხულის ისე ზამთრის] აქციებში მონაწილე 154 პირს აქვს დაზარალებულის სტატუსი და გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამატების ფაქტზეა დაწყებული.
[აპრილსა და მაისში დაშავებულ 49 პირს აქვს, ნოემბერ- დეკემბერში 105.]
დაკავებულია მხოლოდ 5 პოლიციელი [როგავას, ხაბეიშვილის და მაისაშვილის საქმეზე]
და ბოლოს, სახალხო დამცველი როგორც 2024 წლის, ისე 2025 წლის ანგარიშში აღნიშნავს, რომ აქციების კონტექსტში დაწყებული გამოძიებების კვალიფიკაცია უდიდესი პრობლემაა.
გამოძიება არ მიმდინარეობს წამების, წამების მუქარის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლებით. გამოძიება როგორც გაზაფხულის, ისე ზამთრის აქციების ეპიზოდებზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლებით მიმდინარეობს, რაც სათანადოდ არ ასახავს გავრცელებული არასათანადო მოპყრობის ინტენსივობასა და სიმძიმეს.
პასუხს აგებთ !