„ლივერპული” მამარდაშვილში 35 მლნ-ს იხდის, “ვალენსია” 40-ს ითხოვს – MARCA
„ლივერპულმა“, გიორგი მამარდაშვილის შესაძენად 35 მილიონ ევრომდე გაზარდა შეთავაზება „ვალენსიას“ მისამართით, სადაც ქართველი მეკარე ამ დროისთვის თამაშობს.
გადაწყვეტილება ახლა „ვალენსიას“ მფლობელმა, სინგაპურელმა ბიზნესმენმა პიტერ ლიმ უნდა მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური სპორტული გამოცემა MARCA ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ შეთავაზება მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს, გადაწყვეტილება, რომელსაც ახლა მიიღებენ, საბოლოო იქნება და ეს მალე უნდა მოხდეს, რადგან მხარეებს მოთმინება ეწურებათ.
„ვალენსია“ მამარდაშვილის დასათმობად 40 მილიონს ითხოვს. უკანასკნელი რამდენიმე საათის განმავლობაში კი, ესპანელი ჟურნალისტის თქმით, „ლივერპულის“ ინტერესი მამარდაშვილის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა.
ამავე წყაროს თანახმად, აქამდე „წითლებმა“ უკვე ორი შეთავაზება გააკეთეს ვალენსიას მისამართით და ორივეზე უარი მიიღეს. ფსონი 35 მილიონ ევრომდე გაიზარდა და ეს უკვე ახლოსაა იმასთან, რასაც ვალენსიას სინგაპურელი მფლობელი, პიტერ ლიმი ითხოვს, კერძოდ 40 მილიონთან.
მამარდაშვილს ესპანური გამოცემა ევროპის აწმყოსა და მომავლის მეკარედ მოიხსენიებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, ის ფასი, რასაც „ვალენსია“ მასში „ლივერპულისგან“ ითხოვს, არაა რეალური არსებული ბაზრისთვის და „ღამურები“ ჯიუტად მაინც არ თმობენ.
გამოცემის თანახმად, მამარდაშვილი, თავის მხრივ, უკვე თანახმაა, რომ ლივერპულმა ის შეიძინოს და ერთი წლით „ბორნმუთში“ გაანათხოვროს, რომ მეკარე პრემიერლიგას შეეჩვიოს. თუ ტრანსფერი საბოლოოდ შედგება, გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ მთავარი მეკარე გახდება მას შემდეგ, რაც „წითლებს“ ალისონ ბეკერის დატოვებს. „ლივერპულის“ მოქმედი პირველი მეკარე, ბრაზილიელი ალისონ ბეკერი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. 31 წლის ალისონის საუდის არაბეთში შესაძლო ტრანსფერზე მოარული ხმები ვრცელდება.
საფეხბურთო სამყაროში ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, მოლაპარაკებები „ლივერპულსა“ და „ვალენსიას“ შორის ამ დროისთვისაც მიმდინარეობს, თუმცა მხარეებს შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.