ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლიეტუველი მინისტრი და ევროსაბჭოს მაღალჩინოსანი „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს

ლიეტუველი მინისტრი და ევროსაბჭოს მაღალჩინოსანი „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტმა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებული სიტუაციის გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა და ხელისუფლებას მოუწოდა, დემოკრატიულ, ევროპულ გზას დაუბრუნდეს.
„არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მმართველი პარტია აგრძელებს დაშინების კამპანიას როგორც პოლიტიკური ოპოზიციის, ისე სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არ შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს, ეს არ შეესაბამება ევროპის საბჭოს ღირებულებებს. ამიტომ მოვუწოდებ ქართველ პარლამენტის წევრებს, დიპლომატებს, რომლებიც იმყოფებიან ამ ოთახში, აიღონ თავიანთი პასუხისმგებლობა და უზრუნველყონ, რომ საქართველო დაბრუნდეს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროპის გზაზე“, — განაცხადა ლანდსბერგისმა.
დეპუტატმა სომხეთიდან არმენ გევორქიანმა ლანდსბერგისს შეახსენა ოპოზიციურ მიტინგში მონაწილეობა თბილისში და ჰკითხა, შესაძლებლად მიიჩნევს თუ არა მსგავსი პროტესტს და მასში მონაწილეობას აზერბაიჯანში.
ლანსბერგისმა თქვა, რომ ევროპის საბჭოს ყველა ქვეყანაში შესაძლებელი უნდა იყოს ოპოზიციური მიტინგების მოწყობა, თუ ამის საჭიროებაა და სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა.
ამასთან ხაზი გაუსვა, რომ თბილისში მისი კონკრეტული გზავნილი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზიდან გადახვევას შეეხებოდა.
„ეს იყო ჩემი პერსონალური გზავნილი. საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში თავისუფლებისთვის ბრძოლას ყოველთვის მხარს ვუჭერდი, სადაც ეს საჭირო იყო. რომ აღმოვჩნდე სიტუაციაში, სადაც დამჭირდება ხმა ავიმაღლო აზერბაიჯანში ძალადობის შემთხვევებზე, ამას გავაკეთებ, მაგრამ ჩემი პერსონალური და ეროვნული უფლებამოსილებების ფარგლებში“, — თქვა ლანდსბერგისმა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაზე და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტორდის გილფადოტირი საქართველოში 15 მაისს, გამთენიისას ჩამოვიდნენ და ხელისუფლებას მოუწოდეს „რუსული კანონის“ გაუქმებისკენ. ისინი იმყოფებოდნენ საპროტესტო აქციაზეც რუსთაველზე, რის გამოც საქართველოს ხელისუფლების წევრებმა ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევაში დაადანაშაულეს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.