ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლიეჟის ლე დრაპიეს საგამოფენო დარბაზში აბრეშუმის მუზეუმის კოლექციისა და ხელოვან თამუნა ჭაბაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

ფესტივალ „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში, ბელგიის ქალაქ ლიეჟის ლე დრაპიეს საგამოფენო დარბაზში მიმდინარეობს აბრეშუმის მუზეუმის კოლექციისა და ხელოვან თამუნა ჭაბაშვილის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც 16 დეკემბრამდე გაგრძელდება.
გამოფენაზე წარმოდგენილი 143 ექსპონატი – აბრეშუმის პარკების, ქსოვილებისა და ძაფების ნიმუშები საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარებას ასახავს. გამოფენის კონცეფციისა და დიზაინის ავტორია ბელგიელი მხატვარი ჟან-ლუკ პეტი.
მუზეუმმა წარადგინა ვიზუალური ხელოვნების ოსტატის, თამუნა ჭაბაშვილის, ორი ნამუშევარიც – „მოსაჩითი ნიმუშების წიგნი“ და „მოსასხამი“. ეს სხვადასხვა ბეჭდვის ტექნიკით შესრულებული ქსოვილის ინსტალაციაა, რომელიც აბრეშუმის მუზეუმის არქივით, მათ შორის – საბჭოთა პერიოდის ქსოვილებით არის შთაგონებული და სპეციალურად გამოფენისთვის შეიქმნა.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60-ამდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება. ევროპის საზოგადოებას ოთხი თვის განმავლობაში შეუძლია ნახოს ეროვნული საგანძურის ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენა – „ავანგარდი საქართველოში – 1900-1936“ (ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“) და „საქართველო – შეხვედრების ადგილი“ (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში).

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.