ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლე პენის პარტიის საარჩევნო წარმატება მემარცხენეებმა პარიზში გააპროტესტეს

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრა-მემარჯვენე პარტიის მიერ პირველი ადგილის დაკავება პარიზში მემარცხენე ალიანსის ათასობით მხარდამჭერმა გააპროტესტა.
ფართომასშტაბიანი აქცია პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა. როგორც, CNN წერს, პარიზში პროტესტს 5 500-მდე ადამიანი შეუერთდა, აქცია გაიმართა ლიონშიც.
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა მემარცხენე ალიანსის ლიდერმა, ჟან ლუკ მელანშონმა. მან დემონსტრანტებს განუცხადა, რომ წინ მძიმე კვირაა და ახლა მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ ქვეყნის მომავალი და თითოეული ადამიანის ბედი. 7 ივლისს საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, სადაც გადაწყდება თუ რამდენი მანდატის მოპოვებას შეძლებენ პარტიები.
„ქვეყანას მოუწევს არჩევანის გაკეთება“ — თქვა მელანშონმა და იმ კანდიდატებს, რომლებმაც საკუთარ ოლქებში მესამე ადგილი დაიკავეს, პირველზე კი ლე პენის „ეროვნული ერთობა“ გავიდა, მოუწოდა მეორე ტურში მონაწილეობა აღარ მიიღონ, რათა ძირითად კანდიდატებს მეორე ტურში ხმათა უმრავლესობის მოპოვების შანსი ჰქონდეთ ლე პენის ულტრა მემარჯვენე პარტიის პირისპირ.
„ვღელავ, რომ ხელისუფლებაში შესაძლოა ულტრა-მემარჯვენეები მოვიდნენ. თუმცა, წინ ერთი კვირაა და ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ“ — უთხრა Politico-ს 23 წლის სტუდენტმა, რომელიც პარიზში გამართულ აქციაში იღებდა მონაწილეობას.
საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ რაუნდში წინასწარი მონაცემებით, მარინ ლე პენის პარტია, „ეროვნული ერთობა” ლიდერობს.
როგორც, BBC წერს, „ეროვნულ ერთობას“ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ხმათა 33.1% აქვს, მას მემარცხენე ალიანსი მოსდევს (28%), პრეზიდენტ მაკრონის გუნდმა კი 20.76% მიიღო.
საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნების დანიშვნა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი პარტია 6-9 ივნისს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხდა.
“ისე ვერ მოვიქცევი, თითქოს არაფერი მომხდარა”, – განაცხადა მაკრონმა, როცა მისი კონკურენტის, მარინ ლე პენის პარტიამ მასზე 2-ჯერ მეტი ხმა მიიღო.
რომ არა მაკრონის ეს გადაწყვეტილება, საფრანგეთის პარლამენტი ჯერ კიდევ მოქმედი შემადგენლობით 2027 წლამდე იმუშავებდა.
ჯამში 577 მანდატია გასანაწილებელი. უმრავლესობის მოსაპოვებლად ნახევარი, 289 მანდატის მიღებაა საჭირო. თუმცა, სავარაუდოა, რომ ამისთვის ხმათა საკმარის რაოდენობას ვერცერთი პარტია ვერ მიიღეს. უფრო მეტიც, არჩევნების შედეგები არა ერთი, არამედ ორი ტურის შემდეგ გადაწყდება. მეორე ტური, სავარაუდოდ, 7 ივლისს გაიმართება.
ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების გააქტიურების გამო, ვარაუდობენ, რომ ყველაზე მეტ ხმას სწორედ მარიან ლე პენის პარტია, “ეროვნული ერთობა” მიიღებს. ამ შემთხვევაში მათ ისტორიაში პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დააკომპლექტონ საფრანგეთის მთავრობის დიდი ნაწილი. რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტსა და მის პარტიას “ერთად”, ექსპერტთა ვარაუდით, შესაძლოა, მე-2 ადგილზეც კი ვერ გავიდეს. წინასწარი გამოკითხვებით, მას ცოტა ხნის წინ შექმნილი მემარცხენეთა გაერთიანება “ახალი სახალხო ფრონტი” უსწრებს.
ამ ფონზე, მოსალოდნელია, რომ საფრანგეთის პარლამენტის ახალ შემადგენლობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ უმტრა-მემარჯვენე ლე პენისა და მკვეთრად მემარცხენე “სახალხო ფრონტის” წარმომადგენლები.
ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს საპარლამენტო არჩევნები, ის თანამდებობაზე თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე დარჩება, რომელიც 2027 წელს იწურება.
ამავე თემაზე:
· წაგებულები და მოგებულები ევროპარლამენტის არჩევნებში

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.