“ლელო” ითხოვს სანქციებზე შეერთებას ევროკავშირთან ერთად… თუ გინდა, იყო ევროკავშირის წევრი, უნდა იყო ევროსანქციების თანამონაწილე – ირაკლი კუპრაძე

არასერიოზული და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი – ასე აფასებს მმართველი გუნდი “ლელოს” ინიციატივას. პარტიამ პარლამენტში საქართველოს დაცვის აქტი შეიტანა. დოკუმენტი მოიცავს 9-პუნქტიან გეგმას, რომელიც საქართველოში რუსების შემოსვლას ზღუდავს. “ლელო” სანქციების აუცილებლობაზეც საუბრობს.
პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ თუ გვინდა, ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ, ევროსანქციების მონაწილე ქვეყანა უნდა ვიყოთ.
“ლელო” ითხოვს სანქციებზე შეერთებას ევროკავშირთან ერთად. თუ შენ გინდა იყო ევროკავშირის წევრი, შენ უნდა იყო ევროსანქციების თანამონაწილე. ეს არის არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ხაზი, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესები. ის საფრთხე, რომელიც რუსული რბილი ძალისგან, ეკონომიკისგან და ეკონომიკაზე დამოკიდებულებისგან არის ნაწარმოები საქართველოსთან მიმართებით, ამ საფრთხეების ლოკალიზება შესაძლებელია სწორედ „ლელოს“ 9 პუნქტიანი გეგმით რუსული ექსპანსიის წინააღმდეგ,“ – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ საქართველოს უსაფრთხოება და მედეგობა დასუსტებულია.
„ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა რუსეთზე საფრთხედ არის მიჩნეული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპციით, რომელიც 2011 წელს არის მიღებული, „ქართულმა ოცნებამ“ არასდროს არ განაახლა. შესაბამისად, ამ მოცემულობაში, საქართველოს უსაფრთხოება და მედეგობა რომ დასუსტებულია – ეს არის ფაქტი.
კონკრეტულად, რაც შეეხება შეზღუდვებს და სანქციებს, კონკრეტულად რა დეტალებზეა საუბარი, მე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ის, რომ „ქართული ოცნება“ ტაშით შეხვდა ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას, ეს რომ დამაზიანებელი იყო საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ამაზე, ვფიქრობ, 9 რეკომენდაციაშიც ძალიან მკაფიოდ იკითხება,“ – აცხადებს თეონა აქუბარდია.

ასევე დაგაინტერესებთ