არ გამოვრიცხავ, ქვეყნის სამჯერ ჩაბნელება რუსეთის მხრიდან შანტაჟი იყოს და შეიძლება კონკრეტული პოლიტიკური მოთხოვნების შესრულებას უკავშირდებოდეს, რაც ხელისუფლებისთვის ძნელად ასახსნელია საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, ეს მოთხოვნები უფრო ოკუპირებულ რეგიონებს უნდა ეხებოდეს, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მომხდარი ფაქტები ადასტურებს, რომ პრობლემა იმაზე სერიოზულია, ვიდრე „ერთი უხეირო ხელმძღვანელი და პასუხისმგებელი პირი“.
„ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ პირველი ორი ჩაბნელების შემდეგ ჩვენ ვერ მივიღეთ არგუმენტირებული პასუხი, თუ რა იყო მიზეზი, გარდა იმისა, რომ კონკრეტული ჩინოვნიკი გათავისუფლდა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ამ გამანაწილებელ სისტემაზე. აღმოჩნდა, რომ პერსონამდე არ დადის ეს საქმე, სერიოზული პრობლემაა, ვიდრე ერთი უხეირო ხელმძღვანელი და პასუხისმგებელი პირი.
ბუნდოვანება შემოიტანა იმანაც, რომ სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ სატესტო რეჟიმი იყო „ენგურჰესზე“ და ამან გამოიწვია ეს ყველაფერი, შემდეგ კი აიღო პოსტი.
ხელისუფლების „სტოიკური“ დუმილია, არ აქვთ არგუმენტირებული პასუხი, არც ცდილობენ საზოგადოებაში უსაფუძვლო ვერსიები არ გავრცელდეს, რომელიც პანიკას დათესავს და ნეგატიურ განწყობას შექმნის.
ეჭვს მიჩენს, რომ არის ისეთი რამ, რაც ძალიან კრძალვის საუბარს, საზოგადოებისთვის განმარტების მიცემას. არ გამოვრიცხავ შანტაჟი იყოს ქვეყნის სამჯერ ჩაბნელება, შეიძლება უკავშირდებოდეს კონკრეტული მოთხოვნების შესრულებას, პოლიტიკურისას, რაც ხელისუფლებისთვის ძნელად ასახსნელია საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, უფრო ოკუპირებულ რეგიონებთან“,- აღნიშნა ჯეჯელავამ.
ამასთან, ის გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც ის საქართველოში რუსოფობიაზე საუბრობს.
ჯეჯელავას თქმით, სანამ ოკუპაციის თემა არსებობს, რუსეთი მხოლოდ დეფორმირებული ქართველების გონებაში შესაძლოა იყოს მოკავშირე და მეგობარი.
„დიდება გმირებს! ღრმად ვარ დარწმუნებული, საქართველოში მათი ხსოვნის პატივისცემა არასდროს გაქრება, როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს ოკუპაციის ისტორიის გადაწერის მცდელობა. სამწუხაროდ, ეს პროცესი მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ეს მცდელობა მე დავინახე კობახიძის წერილში, სადაც რუსოფობიაზე იყო საუბარი. რუსოფობია არ არის ის, რა დამოკიდებულებაც ქართველ ხალხს, ოკუპანტის მიმართ აქვს. ამ დამოკიდებულებას მორალური კოდექსი ჰქვია, რომელიც ასეთია ქართველებისთვის. „მტერს მტრულად მოექეც, თვითონ უფალმა ბრძანაო“ – ეს „სტუმარ-მასპინძლის“ ავტორის სიტყვებია. დიახ, ეს არის ქართველის მორალური კოდექსი, მისი დამოკიდებულება მტრის მიმართ. ნურავინ მეტყვის, რომ ის ქვეყანა, რომელმაც ტერიტორიების 20% წაგგლიჯა, 300 ათასზე მეტი ადამიანი საკუთარი მიწა-წყლიდან აყარა და იძულებით დევნილობაში ამყოფებს, კატეგორიულად დაუშვებლად მიაჩნია დევნილების დაბრუნება, ის არის საქართველოს მოყვარე და არა მტერი.
სანამ ოკუპაციის თემა არსებობს, რუსეთი მხოლოდ დეფორმირებული ქართველების გონებაში შესაძლოა იყოს მოკავშირე და მეგობარი. კოლაბორაციონისტული პოლიტიკა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს ოკუპაციასთან დაკავშირებით, რას მატებს სახელმწიფოს?! რაზე თვალიან, გარდა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებისა“, – აღნიშნა ჯეჯელავამ.
გარდა ამისა, მან მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე ისაუბრა, კერძოდ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელიც ჰორიზონტალურ მმართველობაზე გადავიდა.
როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, კარგია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან მკაცრ ვერტიკალზე აგებული მართვა აღარ იქნება.
„მომხრე ვარ პოლიტიკურ პარტიებში შიდა დემოკრატიის. ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა იმისთვის, რომ კონკრეტულად ოპოზიციურ პარტიებში განვითარდეს შიდა დემოკრატია. ძალიან კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ გზით მიდის, ძალიან მკაცრ ვერტიკალზე აგებული მართვა აღარ იქნება.
სააკაშვილი გარკვეულწილად აპირებს, პასუხისმგებლობა აიღოს პარტიაში მიმდინარე პროცესებზე. ვფიქრობ, რეფორმებიც ძალიან ნორმალურია, გააჩნია, რა ტიპის იქნება. ირაკლი ფავლენიშვილი, ახალგაზრდა კაცი, რომელიც ჩაუდგა სათავეში ამ ჰორიზონტალურ მმართველობის სქემას, არის ძალიან გულწრფელი. არავისთვისაა დასამალი, რომ პარტიაში იყო კრიზისი. ძალიან მინდა ეს კრიზისი აღმოფხვრილი იყოს. ის კამპანია, რომელიც ნანუკა ჟორჟოლიანმა დაიწყო „მე მიყვარს საქართველო“ ჯერ იმედისმომცემად გამოიყურება. ეს ზეპარტიულ მოძრაობას ჰგავს ამ წუთში, ვიდრე პარტიასთან აფილირებულ მოძრაობას.
რაც შეეხება ოპოზიციურ სპექტრს, ჩვენთან, შემოდგომა პოლიტიკურად ცხელია. ველი, პროცესები გააქტიურდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო კონტექსტიც მნიშვნელოვანი იქნება“, – აღნიშნა ჯეჯელავამ.




