ლევან ხაბეიშვილი „ოცნებას“ – ნატო-ს გენმდივანმა ვერ წაიკითხაო, სახდეპარტამენტში აზრზე არ არიანო, ევროკავშირის ელჩმა შინაარსის გამოტანა არ იცისო – რად გინდათ კანონი, რომელიც დედამიწის ზურგზე არავის ესმის? ხალხს რატომ აგიჟებთ?

გერმანელმა, ფრანგმა, პოლონელმა, ესტონელმა, ლიტველმა, ვერავინ ვერაფერი გაიგო. მერე სასაცილო ხდება. შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ ვინმეს, ეს კანონი მარტო მ და მ რომ გაიგო, პირობითად ვამბობ და სხვას არავის ესმის დედამიწის ზურგზე, რად გინდათ ეგეთი კანონი? – ეს ახლა რატომ გჭირდებათ, ხალხს რატომ აგიჟებთ? – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა უმრავლესობას პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.
მისივე განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს მშვიდად ცხოვრებისა და არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა უნდა მისცეს.
„ერთი რამე მინდა გკითხოთ და მინდა, ძირითადად, თქვენს მომხრეებს ვესაუბრო. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ვერ წაიკითხაო, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ვერ წაიკითხეს, აზრზე არ არიანო, ამერიკის ელჩი, აბა ეგ რას გაიგებდაო, ევროკავშირის ელჩმა კითხვა და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა არ იცისო. გერმანელმა, ფრანგმა, პოლონელმა, ესტონელმა, ლიეტუველმა, ვერავინ ვერაფერი გაიგო. მერე სასაცილო ხდება. შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ ვინმეს, ეს კანონი მარტო მამუკა მდინარაძემ და ირაკლი ზარქუამ რომ გაიგო, პირობითად ვამბობ და სხვას არავის ესმის დედამიწის ზურგზე, რად გინდა ეგეთი კანონი.
არ ვიცი, გეფიქრებათ იმაზე, ხაშურში იქნება თუ არა წყალი, მაგრამ საფრანგეთის მთავრობა ამაზე ფიქრობს და ფული აქვს ამაზე გამოყოფილი 58 მილიონი, რომ ხაშურში წყალი იყოს. გარდაბანში მაგალითად, არის ნიდერლანდების და გერმანიის თანხა. ასევე წყალზე, 200 მილიონი ლარი.
მარტივი რამე მინდა გკითხოთ, ხალხი, რომელიც მილიარდებს ხარჯავს. მაგისტრალი რომ გიხარიათ, ეგ არის დასავლური ფულით გაკეთებული. რომ გიხარიათ წყალი უნდა იყოს სადმე და რამე გავაკეთეთ, სკოლები რემონტდებაო. ინტერნეტიზაციაზეც კი, ასობით მილიონ ლარს ხარჯავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები.
ეს ახლა რატომ გჭირდებათ, ხალხს რატომ აგიჟებთ? მშვიდად მიდით არჩევნებამდე. გთავაზობთ ასეთ რამეს, გაიტანეთ ეს კანონი, გააჩერეთ. არჩევნებია 5 თავში, მიეცით ხალხს მშვიდად ცხოვრების და არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. 5 თვის მერე გაიმარჯვეთ და დაწერეთ ეს კანონი, მიიღეთ მქუხარე ტაშით“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილს მამუკა მდინარაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილმა აღიარა, მას არ სურს მიმდინარე წლის არჩევნებისთვის დახარჯული „შავი ფული გამომჟღავნდეს“.
„თქვენ ახლა, ფაქტობრივად, აღიარება მოგვეცით, ბატონო ლევან, იმასთან დაკავშირებით, რომ გინდათ, ამ არჩევნებთან დაკავშირებით დახარჯული ფული არ მოხვდეს დეკლარაციაში. ეგ არის, თქვენ ახლა აღიარეთ. აღიარეთ, რომ არჩევნებში შავი ფული რომ დაიხარჯება პოლიტიკური მიზნებისთვის, ამის გამომჟღავნება არ გინდათ ყველაზე მეტად. ამიტომ მოგვიწოდებთ, რომ არჩევნების მერე გადადეთო. იგივე ლოგიკით მეც მოგიწოდებთ, რომ რაღას ნერვიულობთ, ამ ხალხს რაღას ატყუებთ. 5 თვეში თქვენ რომ გკითხოთ, ხელისუფლებაში აღარ ვიქნებით და შეცვალეთ ეს კანონი მაშინ“,- განაცხადა მდინარაძემ.