ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან ცუცქირიძე: სხვა გზა არაა, ამომრჩეველმაც და პოლიტიკოსებმაც ერთმანეთთან უკეთესად თანამშრომლობა უნდა ვისწავლოთ და ...

 „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი, ლევან ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს:
საკვირაო პოსტი
რაც პოლიტიკურ საქმიანობაში გადავინაცვლე, ახალ-ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ. ერთ-ერთი პოლიტიკოსების და წინასაარჩევნო პროგრამების მიმართ დამოკიდებულებაა.
• თუ პროგრამა არ გაქვს, ობიექტურად ძალიან ცუდია და სამართლიან კრიტიკას იღებ.
• თუ გაქვს პროგრამა და ძირითად მიმართულებებზე იწყებ საუბარს, ხშირად გესმის - „რა დროს ესაა, ხალხს რაც აინტერესებს, იმაზე ილაპარაკეთ!“
• ილაპარაკებ იმას, რაც პოპულარული საკითხია (ანუ მეტს ეხება) და მაშინვე მოგახლიან: „ნუ პოპულისტობთ!“
• დეტალურ პროგრამას დაწერ - „ამას ვინ წაიკითხავს?!“
• მოკლედ დაწერ - „ამას სიღრმისეული ჩაშლა და დეტალები აკლია.“
• სულ არ დაწერ პროგრამას და ამ წრეზე თავიდან მოგიწევს პასუხების გაცემა.
რაც შეგვეხება ჩვენ - „თავისუფლების მოედანს“ და კოალიცია „ძლიერ საქართველოს:“ პროგრამა გვაქვს და უკვე დავიწყეთ მისი სხვადასხვა საკითხის წარდგენა. სამოქმედო გეგმის მოკლე ვერსიასაც და ვრცელსაც, დეტალურსაც და ზოგადსაც, პოპულარულსაც და ისეთსაც, ზოგი „ნაკლებმნიშვნელოვანად“ რომ მიიჩნევს, საჯაროდ მალე წარგიდგენთ.
ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და იმიტომ. „თავისუფლების მოედნის“ შექმნის პირველსავე დღეს ვთქვით, რომ ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა უნდა მოხდეს არჩევნების შემდეგ, ვიდრე ის, რა უნდა ვაკეთოთ მანამდე. ამიტომ, კოალიციის პროგრამის განვითარებაში "თავისუფლების მოედნის" ექსპერტული ნაწილი მაქსიმალურად არის ჩართული.
ამასთანავე, ჩვენ პროგრამას, როგორც ცოცხალ დოკუმენტს, ისე ვუყურებთ. ის იმპერატიული კი არა, ღია იქნება ახალი იდეებისა და წინადადებებისათვის მათგან, ვისაც ესა თუ ის საკითხი ეხება: განათლების პროგრამაზე აზრს პედაგოგებს, სტუდენტებს, მშობლებსა და სპეციალისტებს დავეკითხებით; უსაფრთხოების საკითხებზე სამხედროებს, ვეტერანებს, თავდაცვის და საგარეო პოლიტიკის სპეციალისტებს; ადამიანის უფლებებზე კი მათ, ვინც იჩაგრება და მათაც, ვინც ჩაგრულებს იცავენ.
სხვა გზა არაა, ამომრჩეველმაც და პოლიტიკოსებმაც ერთმანეთთან უკეთესად თანამშრომლობა უნდა ვისწავლოთ და პოლიტიკური კულტურის ახალ ეტაპზე გადავიდეთ. ქილიკის ნაცვლად, ერთმანეთს რჩევა უნდა მივცეთ და სწორი გზისკენ ერთად წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა.
ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ და გთხოვთ, ხმას ნუ მისცემთ ისეთ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც პროგრამა არ გააჩნია ან მის შექმნაში დარგის პროფესიონალები და მოქალაქეები ერთობლივად არ მონაწილეობენ.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.