ლევან ჟორჟოლიანი – 35 000-დან 33 000 აბონენტს უკვე ჩართული აქვს ელექტროენერგია, ხვალ დღის ბოლოს სრულად აღდგება გაზმომარაგება, მოსახლეობას მიეწოდება საკვები და მედიკამენტები, მუშაობს მძიმე ტექნიკა

სტიქიის დასაწყისში 35 ათას აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, ამ დროისთვის 33 ათას აბონენტს უკვე ჩართული აქვს ელექტროენერგია და აქტიური მუშობა გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ოზურგეთში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დრონებით ხდება დაზიანებული ადგილების იდენტიფიცირება და შემდეგ მიდის ჯგუფი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად, ხოლო ყველაზე რთულ ადგილებში გადაადგილება თოვლმავლებით, ბურანებით ხდება.
„გაზმომარაგებაშიც ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. ხვალ დღის ბოლოს სრულად აღდგება გაზის მიწოდება. ელექტრომომარაგებაზეა დამოკიდებული წყალმომარაგებაც. ძირითადად, წყალმომარაგება ყველა მუნიციპალიტეტში აღდგენილია. ჩოხატაურში მთლიანად არის აღდგენილი, ვაკიჯვარს არ მიეწოდებოდა წყალი და ელექტრომომარაგების აღდგენისთანავე წყალმომარაგებაც აღდგა”, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისივე ინფორმაციით, 112-ში შეტყობინებების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი კლებაა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, პიკი იყო 26 თებერვალს, როდესაც 950, ხოლო შემდეგ 850 შეტყობინება დაფიქსირდა, დღეს კი ეს რიცხვი 379-მდე შემცირდა.
„გვაქვს ბევრი შეტყობინება სოციალური ქსელით, აბსოლუტურად ყველა შეტყობინებაზე ხდება რეაგირება, ყველასთან მიდიან მაშველები, სამხედროები ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მიაქვთ მედიკამენტები, საკვები და ყველა საჭირო ნივთი. ასევე მოწყობილია 35 ლოკალური შტაბი, სადაც განთავსებულია საკვები და მედიკამენტები. იქვე არიან სოფლის ექიმები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში გასცემენ მედიკამენტებს, მერის წარმომადგენლები 24-საათიან კომუნიკაციაში არიან ყველასთან. ფაქტობრივად აღარ გვყავს ოჯახი, რომელთანაც არ გვაქვს კომუნიკაცია, ან არ ვიცით, რა მდგომარეობაა”, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთი იყო სურების თემი, სადაც სურსათი და მედიკამენტები დილიდან გაიგზავნება.
„ყველა მიმართულებით, სადაც ვერ მივდიოდით, ტექნიკა მუშაობს და ძალიან მალე გვექნება პოზიტიური შედეგები. ძირითადად მისულები ვართ თემის ცენტრებამდე და სოფლის ცენტრებამდეც აუცილებლად მივალთ. იქ, სადაც გადაადგილების პრობლემა იყო, შექმნილია 35 ლოკალური შტაბი. ვფიქრობ, რომ დადებითი დინამიკაა, პროცესები იმართება აბსოლუტურად სწორად, კოორდინაციაშია ყველა უწყება და პროგრესი ხვალიდან კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება”, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს