ლევან ლორთქიფანიძე: პასუხი არავის უგია იმაზე, რომ რეციდივისტი ოთარ ფარცხალაძე გვყავდა მთავარ პროკურორად

რეციდივისტის [ოთარ ფარცხალაძე], მკვლელობის დამკვეთის, მკვლელის, ფულის გამთეთრებელი, ბოტასების ქურდისა და რუსული ბატალიონის შემქმნელისთვის, რომელმაც უკრაინის ახალი მიწები უნდა დაიპყროს, მთავრობამ შეცვალა წესები და რეგულაციები , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, “მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა, რითაც შეაფასა ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიერ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს ბრძოლის გადაწყვეტილება და მოხალისეთა ქვედანაყოფის „გეორგიევსკის“ ჩამოყალიბება.

როგორც ლორთქიფანიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, ფარცხალაძის გამო, შეიცვალა რეგულაციები, რათა მასზე საერთაშორისო სანქციების გავრცელებასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირებულიყო.

„ხელისუფლება მარტო ფარცხალაძეზე კი არ იდგა, სულ ცოტა ხნის წინ ქალბატონმა ნათია თურნავამ, რომელიც ჩვენ დღევანდელ ეკონომიკურ სტაბილურობაზე პასუხისმგებელი პირი, სპეციალურად, თავის საბჭოსთან ერთად შეცვალა კანონები ისე, რომ სანქციები ფარცხალაძეზე არ გავრცელებულიყო. საქმე იმაშია, რომ იმ კანონის ცვლილებით, მხოლოდ ფარცხალაძეს გაატანინეს. მიიღეს ისეთი რეგულაცია, რომელიც მარტო ერთ ადამიანზე იყო მორგებული. ანუ ამ რეციდივისტის [ოთარ ფარცხალაძე], მკვლელობის დამკვეთის, მკვლელის, ფულის გამთეთრებლის, ბოტასების ქურდის და რუსული ბატალიონის შემქმნელისთვის, რომელმაც უკრაინის ახალი მიწები უნდა დაიპყროს, მთავრობამ შეცვალა წესები და რეგულაციები. „სმირნაზე“ იდგა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, პარლამენტი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები და ა.შ კატასტროფასთან გვაქვს საქმე. კატასტროფაა ის, რომ ფარცხალაძე ჯერ ჩვენი პოლიტიკური სისტემის ნაწილი იყო, შემდეგ მთელი ჩვენი საფინანსო და პოლიტიკური სისტემა მას გადაყვა. დღემდე პოლიტიკურად პასუხი არავის უგია იმაზე, რომ ეს რეციდივისტი გვყავდა მთავარ პროკურორად ქვეყანაში. კიდე ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოღალატეები, ვანგრევთ ქვეყანას. ამაზე მეტად როგორ უნდა დაანგრიო ქვეყანა, როდესაც სამართლის აღსრულებას დაავალებ სამართლის დამრღვევს, როდესაც ქურდს და რეციდივისტს მოიყვან პოლიციელად და პროკურორად. მეტი აღრევა რა უნდა მოხდეს?

ერთი-ორი კაცი არ ყოფილა თურმე კორუმპირებულიო და ხვალ შეიძლება მათაც დაუსვან იგივე დიაგნოზი. ყველას მოეკითხება პასუხი ერთი ადამიანის გარდა. ეტყობა მას სხვა ინდულგენცია აქვს“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.