ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან ლორთქიფანიძე: ასე არ გამოვა! ამაზე მეტი დაცინვა და სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვა, არ არსებობს ...

"მეგობრებო, გთხოვთ, დამეხმაროთ.
ყოველგვარი ირონიის გარეშე გეკითხებით. მინდა გადავამოწმო, რაიმე ხომ არ მომესმა, რაიმე ხომ არ მეშლება.
1. ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი და მისი მსახურები გვეუბნებიან, რომ არსებობს "გლობალური ომის პარტია", ოღონდ არაფერს გვიყვებიან მისი შემადგენლობის, სტრუქტურის, კონკრეტული მიზნების შესახებ (ზოგადად ვიცით, რომ ომი უნდათ).
მეტიც, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანსაც კი ვერ გაუზიარა "გლობალური ომის პარტიის" შესახებ თავისი ცოდნის 30%.
მოკლედ, მარტო მათ იციან რას წარმოადგენს ეს ბოროტი ძალა და ვერავის ვერ უყვებიან მის შესახებ... ყველანი სიტყვაზე უნდა ვენდოთ. 21-ე საუკუნეში უნდა დავიჯეროთ შეთქმულების თეორია და ვთქვათ, რომ აკადემიური წრეები, ევროკავშირი, ამერიკა, მთელი მსოფლიო ამ შეთქმულების ტყვეობაშია და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, ვიქტორ ორბანი და ვლადიმირ პუტინი უწევენ ჩუმ ჩანაფიქრს წინააღმდეგობას ...
ხომ სწორად გავიგე?
2. გვეუბნებიან, რომ ბ-ნმა ბიძინა ივანიშვილმა 2 მლრდ. დოლარი მიანდო დასავლეთს.
რას ნიშნავს "მიანდო"? რა ვიცით ბ-ნი ივანიშვილის ფინანსური ურთიერთობების შესახებ? რამდენად გამჭვირვალეა ეს ურთიერთობები? რა ჩვენი საქმეა მისი ფული? უნდა დაკარგოს, უნდა იშოვოს! ვისაც უნდა იმას მიანდოს...
3. გვეუბნებიან, რომ "გლობალურმა ომის პარტიამ" ბიძინა ივანიშვილს თხოვა საქართველოს ომში ჩათრევა, ეროვნულმა გმირმა მსოფლიოს შეთქმულები უარით გაისტუმრა, ამიტომ დასავლეთს "მინდობილი" კაპიტალი "გლობალურმა ომის პარტიამ" წაართვა ბ-ნ ბიძინას.
ამის შესახებ ბიძინა ივანიშვლისაც კი არ მოუყოლია ჩვენთვის. მხოლოდ მისი პროპაგანდისტები გვიზიარებენ ჰეროიკულ თავგადასავალს. სანქციები ოფიციალურად არ მოქმედებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, ჩვენ აზრზე არ ვართ რა 2 მლრდ.-ზე მოთქვამთ ... დააპირა ბ-ნმა ო'ბრაიანმა შეხვედრა, რათა პროპაგანდისტთა ბოდვის შინაარსი გაერკვია და ივანიშვილმა ზღვაზე ვარ წასული, შეხვედრის სურვილი არ მაქვსო.
მოკლედ, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს კი არა, მის დამქაშებს უნდა ვენდოთ სიტყვაზე, რომ "გლობალურმა ომის პარტიამ" ივანიშვილს ფული წაართვა...
ბ-ნი ბიძინა ამბობს, რომ მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევის დროს შეცდა, ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერის დროს შეცდა, კვირიკაშვილის დანიშვნა შეეშალა, გახარიას სახით გველი გაუზრდია უბეში ... და ვინ მოსთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები.
იქნებ ახლაც შეცდა ბანკის არჩევისას, აგენტის არჩევისას, გადაწყვეტილების მიღებისას. ის ხომ განგსტერულ კაპიტალიზმს იცნობს კარგად, 90-იანი წლების რუსეთისთვის დამახასიათებელ სისტემას, დასავლური კაპიტალიზმი ხომ უფრო ვერაგია :)))
___
რატომ უნდა ჰქონდეს ჩვენი ბედის განსაზღვრის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ერთი კაცის კაპიტალის ბედს? თან ისე რომ ამ კაპიტალის დაგროვების, განაწილების შესახებ არაფერი არც ვიცით და არც გვეცოდინება!
ასე არ გამოვა! ამაზე მეტი დაცინვა და სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვა, არ არსებობს ..." - წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი, კავკასიური სახლის თავმჯდომარე, ლევან ლორთქიფანიძე.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.