ლაშა ბუღაძე: რა ფულს გაძლევენ ამისთანას ზოგიერთებს, ამ სამარცხვინო კოშმარს რომ უკრავთ ტაშს
"გერმანიის კანცლერმა ვილი ბრანდტმა ნაცისტების დანაშაულების გამო დაჩოქილმა მოიხადა ბოდიში ვარშავის გეტოს აჯანყების მსხვერპლთა მემორიალის წინაშე 1970 წელს. მაგრამ ბოდიში არავის არასდროს მოუხდია ნაცისტების წინაშე და არც არავინ მოუხდის ბოდიშს ნეოფაშისტ მკვლელ პუტინს.
ბიძინა ივანიშვილმა კი გადაწყვიტა მოღალატეობრივად დააკნინოს საქართველო და დასცინოს (!) ჩვენი ქვეყნისთვის თავგანწირულთა ხსოვნას! ვის უხდის ეს თაღლითი ბოდიშს? რუსებს, რომელთაც მოკლეს ანწუხელიძე? შინდისის გმირების მკვლელებსა და გინტურის მკვლელებს? ვისი სახელით? როგორ ბედავს ეს კოლბაში მჯდარი მოღალატე ცინიკოსი ამდენს? ასეთი შეურაცხყოფა არავის და არასდროს მიუყენებია საქართველოსთვის, რასაც ეს კაცი ბედავს! რა ფულს გაძლევენ ამისთანას ზოგიერთებს, ამ სამარცხვინო კოშმარს რომ უკრავთ ტაშს - რაც არ უნდა ძალით დაგატარებდნენ ამ შეხვედრებზე! რუსებისთვის ბოდიშის მოხდაში გიხდიან ფულს - კარგი გიქნიათ, ანწუხელიძე და გინტური რომ მოგიკლავთო?!" - წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე.
ცნობისათვის, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: “26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.”
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.