ლაშა ბუღაძე: დაანებეთ თავი სოლომონ ზალდასტანიშვილის სახელს, სახელი გადაარქვით მოსკოვისა და სტალინის ქუჩებსა და გამზირებს!
"ხმა მომივიდა, რომ ჩვენი ქუჩისთვის სახელის გადარქმევა უნდათ, რაც შესაძლოა ზოგადად პრობლემა არც იყოს, მაგრამ ივანიშვილის რუსული იდეოლოგიისა და ქოცთა აგრესიული უვიცობის პირობებში, ეს სახელცვლა სიმპტომად მეჩვენება. ჩვენი ქუჩა სოლომონ ზალდასტანიშვილის სახელობისაა და თურმე სხვა გვარით აპირებენ მის ჩანაცვლებას - (ვისიც არ უნდა იყოს, როგორი პატივსაცემი ადამიანისაც, სხვა ბევრი ქუჩაა სახელდებისთვის), სოლომონ ზალდასტანიშვილი კი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ტრაგიკული გმირია (70 წლის განმავლობაში განდევნილი ისტორიული მეხსიერებიდან), ბოლშევიკებთან შებმული, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმთან ერთად მონაწილე 24 წლის აჯანყებაში, პოლკოვნიკი, რომელიც ახალგაზრდა ქართულ დემოკრატიას იცავდა რუსული ექსპანსიისგან; პოლიტიკური და სამხედრო ემიგრანტი - ანტისაბჭოთა ქართული შენაერთის, “თამარის”, შემქმნელი გერმანიაში, რომელიც 500 ქართველი ტყვე-ჯარისკაცის გამოხსნას ცდილობდა ბუქარესტში 1941 წელს (მხოლოდ 90-ზე რომ მიიღო თანხმობა და დანარჩენი ქართველების გამოხსნის იმედად რომ დარჩა საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც მალევე გარდაიცვალა კიდეც იქვე შეყრილი სნეულებით).
იმის მაგივრად, რომ მისი სახელი ყველასთვის იყოს ცნობილი, ეს უწიგნურები მას ისევ დავიწყებისა და დაუფასებლობისთვის სწირავენ. დაანებეთ თავი სოლომონ ზალდასტანიშვილის სახელს, სახელი გადაარქვით მოსკოვისა და სტალინის ქუჩებსა და გამზირებს!" - წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.