ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაშა ბაქრაძე უარყოფს, რომ „ოცნების“ წევრ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენა

ლაშა ბაქრაძე უარყოფს, რომ „ოცნების“ წევრ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ბაქრაძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მას ოპოზიციისა და მმართველი ძალის ქალები არ დაუპირისპირებია ერთმანეთთან, არანაირი სექსუალური კონოტაციით არ მიუყენებია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ქალებისთვის შეურაცხყოფა და კონკრეტულად ქალები საერთოდ არც უგულისხმია.
„შეუძლებელია, რომ ჩემს სიტყვებს ასეთი ინტერპრეტაცია მიეცეს. უბრალოდ ჩამოვთვალე, რომ ჩვენ მხარეს ასეთი საინტერესო ქალები გვყავს და მეორე მხარეს, საერთოდ და ზოგადად, არიან უინტერესო, უღიმღამო, მოსაწყენი და მობეზრებული ადამიანები. ამისთვის გამოვიყენე ეს სიტყვა „ნახმარი“, რაშიც არანაირი სექსუალური კონოტაცია არ ჩამიდია და არც ქალები მიგულისხმია. შეუძლებელია, თუ კარგად მოისმინა ადამიანმა, რომ ასეთი ინტერპრეტაცია მისცეს, რომ თითქოს ქალები დავუპირისპირე ერთმანეთს. არასდროს, ჩემს ცხოვრებაში, ასეთი რამე არ გამიკეთებია და არ გავაკეთებ. მაგრამ ასეა, „თარგმანი“ რომ გავაკეთო, ერთ მხარეს არიან საინტერესო ქალები და მეორე მხარეს უინტერესო ადამიანები, რომელთა ყურება ხალხს მოსწყინდა“, — თქვა ნეტგაზეთთან ლაშა ბაქრაძემ.
ლაშა ბაქრაძემ ეს განმარტება გააკეთა 3 სექტემბრის განცხადების შესახებ, სადაც მან აღნიშნა, რომ მმართველ პარტიას „ნახმარი სახეები“ ჰყავს.
„არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს, როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენ გვერდით. დღეს თქვენ დაინახეთ ქალბატონი თინა, თამარი, სოფო. აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა, ბოდიშით და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“, — განაცხადა ბაქრაძემ, როდესაც ვასო გოძიაშვილის პარკში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოდიოდა.
ლაშა ბაქრაძის სიტყვებს „ქართული ოცნების“ არაერთი სახე გამოეხმაურა.
„ლაშა ბაქრაძეს, ამ კაცს, ინტელიგენტად მოჰქონდა თავი და რა განცხადებაც გააკეთა მან გუშინ, რა თქმა უნდა, არის დასაგმობი ყველას მხრიდან. აქაც გამოჩნდება კონკრეტული ორგანიზაციების თუ სუბიექტების ობიექტურობა-არაობიექტურობა“, — თქვა პერმიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„წითელი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლად“ და „ბოლშევიკების ტრადიციების გამგრძელებლად“ მოიხსენია ლაშა ბაქრაძე ნინო წილოსანმა და თავის მხრივ შეურაცხმყოფლად მოიხსენია ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ქალები, თინა ბოკუჩავა, თამარ კორძაია და სოფო ჯაფარიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.