ლარის 2023 წელი

2023 წელი სავალუტო ბაზრისთვის საკმაოდ არა დინამიკური იყო. წლის პირველ ნახევარში ლარის კურსი დოლართან მიმართებით ძირითადად გამყარებით გამოირჩეოდა, ზაფხულიდან კი ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო და წლის ბოლო თითქმის იმავე ნიშნულზე დაასრულა, როგორც დაიწყო.
გასული წლის განმავლობაში ლარის კურსი ყველაზე მეტად გამყარებული მაისის დასაწყისში იყო, პიკს კი 8 მაისს მიაღწია, როდესაც ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 2.4830 გახდა.
2023 წელს გაუფასურების პიკს კი ლარმა 2 ნოემბერს მიაღწია, როდესაც 1 დოლარი 2.7152 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტა ყველაზე მეტად გაუფასურებული ნოემბერსა და დეკემბერში იყო.
2023 წელს ლარი-დოლარის კურსი:
2023 წლის 1-ელ იანვარს ერთი დოლარი 2.7020 ლარი, ერთი ევრო კი 2.8844 ლარი იყო, გასული წლის ბოლო დღეს კი ერთმა დოლარმა 2.6894 ლარი, ერთმა ევრომ კი 2.9753 ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ბოლო ანგარიშის მიხედვით, რომელიც ნოემბრის მონაცემებს მოიცავს, წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 2.7%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 15.4%- ით გამყარდა.
„ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2.6909-დან 2.7061-მდე (0.6%-ით), ხოლო ევროს მიმართ 2.8422-დან 2.9190-მდე (2.7%-ით) გაუფასურდა. თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.7129 და 2.9769 შეადგინა. ნოემბერში ლარი/ დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.7152 იყო, მინიმალური კი – 2.6970“, – ნათქვამია ანგარიშში.
ეროვნული ბანკის საბაზისო მაკროეკონომიკური სცენარის მიხედვით, 2024 წელს, 2025 წელს და 2026 წელს ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის როგორც ეფექტური, ისე აშშ დოლარის მიმართ, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.