ლანჩხუთში განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა ერთ პირს.
სამართალდამცავების ცნობით 8 აგვისტოს, ქალაქ ლანჩხუთში ბრალდებულმა მსხვერპლი თოკით გაკოჭა, შემდეგ კი ბლაგვი და ბასრი საგნების გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებული 9 აგვისტოს დააკავეს. მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.