ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი 12 აპრილს გამოცხადდება
7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 12 აპრილს 10:00 საათზე გამოცხადდება. ინფორმაციას ამის შესახებ დაკავებული ახალგაზრდის დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს.
გრიგორიადისის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 აპრილს დასრულდა და მოსამართლე ზვიად შარაძე სათათბიროდ გავიდა. დასკვნით სხდომაზე სასამართლოს წინაშე მხარეები დასკვნითი სიტყვებით წარდგნენ. აღნიშნული უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც.
ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.