ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლადო აფხაზავა: სადარბაზოსთან დამხვდნენ, დამარტყეს მეც და ჩემს შვილსაც

პედაგოგი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი ლადო აფხაზავა „პუბლიკასთან“ ადასტურებს, რომ დღეს თავს დაესხნენ. მისი თქმით, სახლის სადარბაზოსთან რამდენიმე პირი დახვდა და დაარტყეს მასაც და თავის შვილსაც.

„როდესაც ჩემს დასთან მივდიოდი სოფელ ნიგვზიანში, ლანჩხუთში ჩემი საცხოვრებლის სადარბაზოსთან მოვიდა ავტომანქანა და დამიწყეს გინება და მერე ხის ჯოხები ამოიღეს საბარგულიდან. ჯოხის დარტყმა ვერ მოახერხეს, რადგან წავართვი და ისევ საბარგულში ჩავუდე, ნეტავ გადამეგდო ცოტა შორს. მერე გამომეკიდნენ ხის ჯოხებით. თავიდან ორნი იყვნენ და მერე მესამე საიდან შემოუერთდა, არ ვიცი“, – ამბობს ლადო აფხაზავა „პუბლიკასთან“.

მისი თქმით, თავდამსხმელები „ნაციონალს“ ეძახდნენ.

შეკითხვაზე, რას უკავშირებს მომხდარს, აფხაზავა გვპასუხობს:

„ალბათ საპროტესტო აქციებზე რომ გამოვდივარ, აქტიური რომ ვარ სოციალურ ქსელში, ამიტომ“, – გვითხრა მასწავლებელმა.

მისი თქმით, მოახერხა და თავდასხმის ამსახველი ვიდეოც გადაიღო.

„საფეთქელთან დამარტყეს ხელი და ჩემს შვილსაც დაარტყეს. შსს-ში ვიყავი და ჩვენება მივეცი“, – ამბობს პედაგოგი.

როგორც აფხაზავა აღნიშნავს, ერთ-ერთი პირი ამოიცნო და ის იმ კორპუსის მეზობელია, რომელშიც ცოტა ხნის წინ გადავიდა.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს გაარკვიოს, დაწყებულია თუ არა გამოძიება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.