ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები დეპუტატებს მიმართავენ, არ გამოუცხადონ ნდობა თეა წულუკიანს

"ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები - მეცნიერები, ხელოვანები მოვუწოდებთ პარლამენტის თითოეულ დეპუტატს, არ გამოუცხადონ ნდობა თეა წულუკიანს", - ამ მოთხოვნით საქართველოს პარლამენტთან კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
მათი თქმით, წულუკიანისთვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში პარლამენტსაც პასუხისმგებლობა ეკისრება პროფესიონალთა დევნაზე, ცენზურაზე, ნეპოტიზმსა და კორუფციაზე.
ამასთან, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების თქმით, პარლამენტთან დილიდან შეიკრიბნენ იმისთვის, რომ მოეთხოვათ საშვი, რითაც პარლამენტში დაესწრებოდნენ თეა წულუკიანის გამოსვლას, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ.
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები - მეცნიერები, ხელოვანები მოვუწოდებთ პარლამენტის თითოეულ დეპუტატს არ გამოუცხადონ ნდობა თეა წულუკიანს. მისთვის ნდობის გამოცხადებით თქვენც თანაბარი პასუხისმგებლობა გეკისრებათ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა გეკისრებათ ეროვნული მემკვიდრეობის განადგურებაზე, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ჩამოშლაზე, პროფესიონალთა დევნაზე, ცენზურაზე, ნეპოტიზმსა და კორუფციაზე. თეა წულუკიანის სისტემაში დატოვებით ხელს მოაწერთ ქვეყნის კულტურული იდენტობის შეუქცევად განადგურებას, კეთილსინდისიერი პროფესიონალებისთვის გამოცხადებულ ტერორს და ქვეყნის სრულ კულტურულ იზოლაციას“.- ნათქვამია ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პარლამენტისადმი მიმართვაში, რომელიც საზოგადოებას რეჟისორმა გიორგი თავართქილაძემ გააცნო.
აქციაზე შეკრებილებს ეჭირათ პლაკატები წარწერებით - „რატომ გაანადგურეთ გელათი?“; „მწერალთა სახლი მწერლის გარეშე?“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.