ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კონსტიტუციონალისტი ხსნის რა საფრთხეს შეიცავს ანტიკორუფციულის გადაწყვეტილება

კონსტიტუციონალისტი ხსნის რა საფრთხეს შეიცავს ანტიკორუფციულის გადაწყვეტილება

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მოქალაქეებს ფაქტობრივად უკრძალავს წინასაარჩევნოდ პოზიციის დაფიქსირებას და „აპატიმრებს ჩვენს სიტყვებს“.
კერძოდ, ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო. ანტიკორუფციული ბიუროს თანახმად, გადაწყვეტილების მოტივი ისაა, რომ მათი ჩართულობა ამომრჩეველთა ინფორმირებისა და ქვეყნის პროდასავლური კურსის მხარდამჭერ კამპანიებში ემსგავსება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების რიტორიკას.
ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნობის ნორმის ბიუროს მიერ ასეთ ინტერპრეტაცია სამართლის განმარტების ყველა წესს ეწინააღმდეგება. მენაბდის თქმით, ხელისუფლებამ აბსურდი მოქმედ წესად აქცია.
„ხომ გახსოვთ 2012 წელს მაშინდელი ხელისუფლება სატელიტურ ანტენებს რომ აპატიმრებდა? ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვები დააპატიმრა.
კანონმდებლობაში გვაქვს ასეთი ცნება: „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირი“. პირი ასეთია, როცა:
(1) სურს არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლა;
(2) აცხადებს ამას საჯაროდ და
(3) ხელს უწყობს ამის სასარგებლოდ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას.
ასეთ სუბიექტებზე ვრცელდება ფინანსური გამჭვირვალობის ყველა წესი და შეზღუდვა რაც პარტიებზე. ამ ჩანაწერის მიზანი მარტივადაა გასაგები: კანონს სურს რეგულირების ქვეშ მოაქციოს ყველა, ვინც ცდილობს არჩევნების მეშვეობით ხელისუფლებაში მოსვლას. ანუ თუ პარტიად რეგისტრირებული არ ხარ, მაგრამ გაქვს ის მიზნები რაც აქვს პარტიას – ეს კანონი არ მოგცემს საშუალებას თავი აარიდო შეზღუდვებს და გამჭვირვალობის მოთხოვნებს.
ახლა როგორ განმარტა ეს ბიურომ (სასამართლოზე დაყრდნობით): მან თქვა, რომ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირად ყოფნა, ანუ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი, მხოლოდ ის კი არ არის, როცა საკუთარი თავის სასარგებლოდ ცდილობ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, არამედ ისიც როცა, რომელიმე პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ აკეთებ საჯარო განცხადებას. ეს განცხადებები პირს აქცევს პოლიტიკური პარტიის ექვივალენტ სუბიექტად და მასზე გაავრცელა ყველა ის წესი რაც პარტიაზე ვრცელდება.
ბიუროს მიერ ნორმის ასეთ ინტერპრეტაცია სამართლის განმარტების ყველა წესს ეწინააღმდეგება. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი ვინც საჯარო იტყვის: „ხმა არ მისცეთ ქოცებს!“ ან „ხმა არ მისცეთ ნაცებს!“ იძენს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის, ანუ ფაქტობრივად არარეგისტრირებულ პარტიის სტატუსს.
ახლა ის ვთქვათ რა არის ეს შეზღუდვები (არასრული ჩამონათვალი) რაც ასეთ პირებზე ვრცელდება (იმ ნაწილში რა ნაწილშიც, რაშიც ისინი მოქმედებენ, როგორც განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირები):
· საერთაშორისო შემოწირულების (როგორც ფულადი, ისე მომსახურება, ან მის ნაცვლად ხარჯის გაღება, არამატერიალური ფასეულობა, ფასდაკლება) მიღების აკრძალვა;
· ყველა შემოწირულების დადეკლარირება;
· 5000 ლარზე მეტის ღირებულების საჩუქრის გაცემა;
· კრედიტის აღების ლიმიტი;
· საქართველოს მოქალაქის ნებისმიერი რამით დაინტერესება, უფასო მომსახურება იქნება ეს, თუ რამის გადაცემა, დაპირებასაც კი.
„ქართული ოცნება“ ასეთი წესებით ცდილობს გააჩუმოს ნებისმიერი პირის ვისაც საჭიროდ ჩათვლის. ის მოქალაქეებს ფაქტობრივად უკრძალავს წინასაარჩევნოდ პოზიციის დაფიქსირებას. ის აპატიმრებს ჩვენს სიტყვებს“, – წერს Facebook-ზე ვახუშტი მენაბდე.
24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო. იგივე გავრცელდა ორგანიზაცია “აირჩიე ევროპასა” და მის დამფუძნებლებზეც.
ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მტკიცებით, მონიტორინგის შედეგად, მათ გამოავლინეს, რომ გიგაური, როგორც პერსონალურად, ისე ორგანიზაციის სახელით, ჩართულია საარჩევნო კამპანიაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.