კონსტანტინე ნაცვლიშვილი: კობახიძემ შესანიშნავი სატოპკე ააგდო, თუმცა კაცი არ ჩანს რომ ტოპკა ჩაარტყას

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი:
სომხეთი საუკეთესოდ იყო ინტეგრირებული რუსულ ეკონომიკაში. რუსეთში მცხოვრები სომხური დიასპორა საკმაოდ ძლიერია ფინანსურად. იქაური დიასპორის საშუალო და მაღალ ფენას ძლიერადაა წარმოდგენილი სომხეთის ეკონომიკაში. მიუხედავად ამისა, სომხეთმა აირჩია პროევროპული კურსი და არა მხოლოდ აირჩია, არამედ ძლიერ მიიწევს წინ ევროპისკენ. რისი დასტურიც არის 4-5 მაისის სამიტი, რომლის ფარგლებშიც უამრავ ევროპელ ლიდერს მოუყარეს თავი ქვეყანაში.
ჩვენთან კი ისტორიის გადამწყვეტ მომენტში ჩვენმა ეკონომიკურმა ელიტამ არასწორი არჩევანი გააკეთა. არ ვიცი ეს მართლა შიშით იყო ნაკარნახევი, თუ სტოკჰოლმის სინდრომი დაემართათ…
თუ კი რომელიმე პოლიტიკოსს სურს საქართველოში ცვლილებები, უნდა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში სიღარიბეზე საუბარს. საზოგადოება თუ შეძლებს ემანსიპაციას და სიღარიბეზე საუბრის დაწყებას, ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება პოლიტიკური კულტურის მხრივ.
ამისთვის საჭიროა ამ თემაზე პირველ პირში საუბარი. და არა აბსტრაქტულად. საქართველოს პრობლემების დიდი ნაწილი მთავრობის ცვლილების შედეგადაც ვერ გადაწყდება, თუკი არ მოხდა ამ თემების გახსნა.
კობახიძემ შესანიშნავი სატოპკე ააგდო, თუმცა კაცი არ ჩანს რომ ტოპკა ჩაარტყას.
ფაქტია, რომ დღეს ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური ელიტა ოცნებას ყავს შემოკრებილი და ეს ერთობა არათუ ევროინტეგრაციის წინააღმდეგია, არამედ ნებისმიერი პროგრესული ნაბიჯის.
ის ხალხი ვინც ხელისუფლებაში ყოფნისას, კარტელურ გარიგებებს, მაფიოზურ წარმონაქმნებს და ოლიგარქიულ ეკონომიკას თავისუფალ ბაზრად ასაღებდა, დღეს ფასების სიძვირეზე ლაპარაკობს. შეიძლება ამ საუბრებში ისინი გულწრფელები არიან, მაგრან არადამაჯერებლად ისმის ეს ყველაფერი…
სიღარიბე და ხალხის დამცირებული ყოფა არც ეხლა დაწყებულა და არც ქოცების გაქრობით დასრულდება.
სიღარიბე, მაღალი ფასები, დანგრეული ინდუსტრია თუ სოფლის მეურნეობა, საქართველოსთვის არ არის მემარცხენე თემები. ეს პირველ რიგში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებია.
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ საკუთარ აზროვნებაში თავის თავს საშუალო ფენას მიაკუთვნებს. ასე თუ ისე, მოსახლეობა კიდევ ფლობს უძრავ ქონებას, მიწას ან ბინას მაინც.
ხომ გამოჩნდა ამ წლების განმავლობაში, რომ ის პოლიტიკა, რომელიც მიზნად არ ისახავს საქართველოში საშუალო ფენის მხარდაჭერას, წარუმატებელია. ნუ გადააქცევთ ამ ხალხს ლუმპენ-პროლეტარებად. თორემ მასეთ საქართველოში ცხოვრება ყველასთვის საშიში იქნება. მდიდრისთვისაც და პოლიტიკოსისთვისაც.