კომპანია „სიდერმა“ ბერლინში GLOBAL G.A.P-ის სერტიფიკატი მოიპოვა

ლურჯი მოცვის, თხილისა და ჩაის მწარმოებელი კომპანია „სიდერი“, რომელიც 2022 წლის ბიზნეს დაჯილდოების სპეციალური ჯილდოს – „მწვანე ინიციატივის“ გამარჯვებულია, გერმანიაში, ქალაქ ბერლინში გამართულ გამოფენა FRUIT LOGISTICA 2023-ში მიეღო მონაწილეობა, მოცვის მწარმოებელთა ასოციაციაში გაერთიანდა და GLOBAL G.A.P -ის სერტიფიკატი მოიპოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას „“ ავრცელებს.
კომპანიის წარმატებაზე მისი დირექტორი, რუსუდან ხარგელია „თიბისის“ უყვება:
„ლურჯი მოცვის, თხილისა და ჩაის წარმოებაზე ფიქრი 2018 წელს დავიწყეთ, როცა ოზურგეთში, დაბა ლაითურში 33 ჰა მიწა შევიძინეთ. ამ ტერიტორიაზე ისტორიულად ჩაის კულტურა იყო გაშენებული, თუმცა 80-იანი წლებიდან მოყოლებული, მოუვლელობის გამო, პლანტაციები მთლიანად გავერანდა.
ჩვენ შევისწავლეთ ტერიტორია, ლანდშაფტი, გავაკეთეთ ნიადაგის ანალიზი, რელიეფის და ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, ტერიტორიის განაშენიანება დაიგეგმა. გადავწყვიტეთ, გაგვეშენებინა ლურჯი მოცვისა და თხილის ბაღები, ნაწილზე კი აღგვედგინა ქართული ჩაის კულტურა. თხილი და ჩაი შედარებით მცირე რაოდენობით მოგვყავს, ჩვენი ძირითადი პროდუქტი ლურჯი მოცვია. ამ საქმიანობაში ძალიან დაგვეხმარა „დანერგე მომავალი“ და შეღავათიანი აგრო სესხი.
16 ჰა-ზე გაშენებულმა მოცვმა მომდევნო წელს 10 ტონამდე მოსავალი მოგვცა, რაც უკვე იმის ნიშანი იყო, რომ ჩვენს მიერ დაწყებულმა საქმემ და ამ საქმეში ჩადებულმა შრომამ გაამართლა. მეორე წელს სამჯერ მეტი, მესამე წელს კი, უკვე 60 ტონა მოცვის მოსავალი ავიღეთ.
მეურნეობის ტერიტორიაზე მოცვის შესანახად საჭირო მაცივარიც, მზის პანელები და ფუტკრის 70 ოჯახი გვაქვს განთავსებული, რომლებიც დამტვერვისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად შევიძინეთ და ამავდროულად, ჩვენს წარმოებას კიდევ ერთი პროდუქტი, თაფლი დავუმატეთ.
ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობა 2022 წელს პირველად მივიღეთ და მოულოდნელად, სპეციალური ჯილდოც დავიმსახურეთ ნომინაციაში „მწვანე ინიციატივებისთვის“.
გარდა იმისა, რომ ეს გამარჯვება ჩვენი გუნდისთვის დიდი სტიმული და მოტივაცია იყო, ამ ჯილდომ კომპანიას სამომავლო წარმატებებისკენაც გაუხსნა გზა.
2023 წელს ბერლინში სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა FRUIT LOGISTICA 2023 გაიმართა. აღებული ჯილდოს დახმარებით ამ გამოფენაზე გავემგზავრეთ, სადაც ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ, გავიცანით ბევრი საინტერესო ადამიანი და კომპანია. იქვე გადაწყდა საქართველოში მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დაარსება, რომელშიც 20 ფერმერთა შორის ერთ-ერთი „სიდერია“.
2023 წლის გაზაფხულზე USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელშეწყობით, კენკროვანების იმპორტიორი კომპანიის Wonderland Farmers-ის წარმომადგენელი აჰმეტ აკტასი საქართველოს ესტუმრა, რის შემდგომაც ასოციაციის წევრებმა გერმანიაში ექსპორტზე 36 ტონა მოცვი გავიტანეთ, აქედან 10 ტონას „სიდერის“ მოცვი შეადგენდა. ასოციაციის წევრების მიერ გაგზავნილმა საცდელმა პარტიამ ძალიან კარგი შეფასება დაიმსახურა და წელს მადრიდში ასოციაციასა და Wonderland Farmers-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, მომდენო წელს ჩვენი ასოციაციის წევრი ფერმერებისგან 800 ტონამდე მოცვის ექსპორტი განხორციელდება გერმანიაში.
გარდა ამისა, ბიზნეს დაჯილდოებაში აღებული ჯილდოს დახმარებით აკრედიტაცია გავიარეთ, სულ მალე GLOBAL G.A.P – ის და GRASP – ის საერთაშორისო სერტიფიკატსაც მივიღებთ, რაც ჩვენი კომპანიისთვის კიდევ ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია”, – აღნიშნავს რუსუდან ხარგელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც