„ჩებურაშკას“ ნაცვლად „კოლობოკი“?2023 წელს რუსეთში დმიტრი დიაჩენკოს ფილმის „ჩებურაშკას“ პრემიერა შედგა. კინოს საფუძვლად ედუარდ უსპენსკის მოთხრობები და ამავე სახელწოდების საბჭოთა თოჯინური ფილმი დაედო. ფილმის წარმატებამ მოლოდინს გადააჭარბა – „ჩებურაშკამ“ 7 მილიარდ რუბლზე მეტი შემოსავალი მოუტანა ავტორებს. ზოგიერთი რეიტინგით კი იგი „პოსტსაბჭოთა ეპოქის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი“ გახდა.2026 წლის დასაწყისში კინოთეატრებში „ჩებურაშკას“ გაგრძელება, „ჩებურაშკა 2“, გამოვიდა, რომელმაც თითქმის ისეთივე წარმატებას მიაღწია, როგორც პირველმა ფილმმა.არადა, ორივე „ჩებურაშკას“ კრიტიკა არ აკლდა. ჯერ კიდევ 2023 წელს, როცა „ჩებურაშკას“ სარეკორდო შემოსავლის შესახებ დაიწერა, უსპენსკის ნაწარმოების ეკრანიზაციას რუსულმა ულტრაკონსერვატორულმა და პროპაგანდისტულმა მედიაპლატფორმა „ცარგრადმა“ შეუტია. რუსეთის სახალხო არტისტმა, დუმის დეპუტატმა დმიტრი პევცოვმა „ამ უხამს ფილმში“ ფარული დასავლური, “მათ შორის ლგბტ-იდეოლოგიის ნიშნები” დაინახა.კრიტიკოსები წერდნენ, ჩებურაშკას ძველი, საბჭოთა სახე დაუმახინჯეს, ახალი ეკრანიზაცია მხოლოდ ფულის გასაკეთებლად თუ გამოდგება და არ ემსახურება ბავშვების „სწორ აღზრდასო“.
თუმცა ულტრაკონსერვატორთა წრეებში და სოციალურ ქსელებში არც ჩებურაშკას საბჭოთა ვერსია დაინდვეს. გაიხსენეს, მაგალითად, რომ თოჯინური ფილმისა და ჩებურაშკას პერსონაჟის ვიზუალური გადაწყვეტის ავტორი რომან კაჩანოვი ებრაელი იყო. საბჭოთა ჩებურაშკა კი „სიონიზმის პროპაგანდად“ მოინათლა. რუსი ნეოფაშისტები აუდიტორიას ახსენებდნენ, ჩებურაშკა ფორთოხლით სავსე ყუთიდან გაჩნდა – ფორთოხალს კი იმ წლებში, როცა საბავშვო მულტფილმის პრემიერა შედგა, საბჭოთა კავშირი ისრაელიდან ყიდულობდა.წელს, ჩებურაშკას საბჭოთა ვერსია ფილოსოფოსმა ალექსანდრ დუგინმაც განიხილა ქსენია სობჩაკის გადაცემაში. დუგინის მტკიცებით, ჩებურაშკამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა… საბჭოთა კავშირის დანგრევაში.დუგინი თვლის, რომ „უსქესო გმირი“ ბავშვებს ლიბერალებმა შეაყვარეს და ასე მოამზადეს ლიბერალური რევოლუცია. ებრაული წარმოშობის კომპოზიტორის, ვლადიმირ შაინსკის სიმღერები კი „იდეოლოგიურ დივერსიად“ შეფასდა.დუგინის ვერსიით, ჩებურაშკა არც გმირია, არც მოქალაქე, არც მეომარი, უბრალოდ უცნაური, გრძელყურიანი არსებაა, რომელიც ეკრანზე რეალური მიზნის გარეშე დახეტიალობს. ამიტომ უწოდებს მას დუგინი „ლიბერალურ სუბიექტს“.„ჩებურაშკაზე“ ასეთი შეტევების პარალელურად გაირკვა, რომ ფილმის რეჟისორს, დმიტრი დიაჩენკოს, რუსულმა კომპანიამ Yellow, Black and White აღარ გაუგრძელა კონტრაქტი ფანტასტიკური კინოსერიის, „უკანასკნელი დევგმირის“, გადასაღებად. დიაჩენკო 2017 წელს, „უოლტ დისნეის“ კომპანიასთან ერთად გადაღებული ამ სერიის პირველი ფილმის რეჟისორი იყო.
მით უმეტეს, რომ „უკანასკნელი დევგმირის“ ახალ ნაწილში გამოჩნდა პერსონაჟი, რომელიც, შეგნებულად თუ უნებლიეთ, „უჯიშო ჩებურაშკას“ საპირისპირო სახედ იკითხება – კოლობოკი.„კოლობოკი“ – ჭეშმარიტად ეროვნულიუკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ცოტა ხნის შემდეგ დისნეის სტუდიამ გაწყვიტა თანამშრომლობა თავის ყოფილ პარტნიორ კომპანიასთან, Yellow, Black and White-თან, რომელმაც, თავის მხრივ, მალევე დაალაგა ურთიერთობა რუსეთის ხელისუფლებასთან და კინოს სახელმწიფო ფონდიდან 280 მილიონი რუბლი (9 მილიონამდე ლარი) მიიღო „უკანასკნელი დევგმირის“ ახალი სერიის, „კოლობოკის“, გადასაღებად.კოლობოკი რუსული ხალხური ზღაპრის გმირია – პატარა, მრგვალი პურის ნამცხვარი, რომელიც გაცოცხლდება, გაექცევა ღარიბ მოხუც ცოლ-ქმარს და მოგზაურობას იწყებს. გზაში მრავალი ხიფათი ხვდება, მაგრამ მოხერხებულობით თავის დაღწევას ახერხებს.
კოლობოკი, რუსული ზღაპრის გმირი
არის ირონია იმაში, რომ სწორედ ეს პატარა, მრგვალი არსება „დევგმირთა სერიის“ პერსონაჟებში მოხვდა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ კოლობოკი იდეალური ანტიჩებურაშკაა. „უჯიშოს“ მას ვერავინ დაუძახებს, რადგან ძველი რუსული ხალხური ზღაპრის გმირია და არა საბჭოთა ეპოქაში შექმნილი პერსონაჟი. მისი მთავარი თვისება ძალა ან გმირული სიდიადე კი არა, ხალხური მოხერხებულობაა.სწორედ ამიტომ კოლობოკი უცნაური არჩევანია „უკანასკნელი დევგმირის“ სამყაროსთვის: დევგმირის ნაცვლად აქ მთავარი გმირი პურის მრგვალი ნაჭერია.„კოლობოკის“ გადასაღებად სტუდიამ რეჟისორი ანტონ მასლოვი შეარჩია. მას „დევგმირების“ სამყაროში უკვე ჰქონდა მუშაობის გამოცდილება. მიზანი „ანტიჩებურაშკას“ გადაღება იყო… მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ახალი „დევგმირი“ „ანტიჩებურაშკად“ არა იმდენად ფილმის შინაარსმა, რამდენადაც მისმა გაქირავებამ გადააქცია.
დისტრიბუტორები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ზაფხული საუკეთესო დროა „ოჯახური კინოსთვის“ და რომ „კოლობოკი“ გაამდიდრებდა სტუდიას და ბიუჯეტსაც დაუბრუნებდა დახარჯულ თანხას. პროექტის ავტორებს სჯეროდათ, რომ „კოლობოკი“ მაყურებელს იმიტომაც მიიზიდავდა, რომ ახალი „დევგმირი“, „ჩებურაშკასგან“ განსხვავებით, ჰოლივუდის ბრმა იმიტაცია არ იყო. ეს იყო, საბჭოთა სოციალისტური რეალიზმის ტერმინი რომ გავიხსენოთ, „ფორმით და შინაარსით ეროვნული“ კინო.მაგრამ მოხდა ისე, რომ „ეროვნულ კინოს“ ისევ ჰოლივუდმა შეუქმნა პრობლემა. ამჯერად არა „იმიტაციამ“, არამედ ნამდვილმა ჰოლივუდმა.ბაზარი. „ეროვნული კინოს“ წინააღმდეგ„კოლობოკის“ პოპულარიზაციის მიზნით, დისტრიბუტორებმა ივლისში მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღეს და გადადეს ჰოლივუდის ბლოკბასტერის, „სპაიდერმენის“, არაოფიციალური ჩვენებები, რომლის მსოფლიო პრემიერაც 6 აგვისტოს, მათ შორის საქართველოშიც, გაიმართა.როგორც ჩანს, რუსეთის კინოსამყარო არ ელოდა მაყურებლის ასეთ რეაქციას – „სპაიდერმენის“ მოყვარულთა აბსოლუტურ რისხვას. ინტერნეტი იმ კინოთეატრების ცარიელი დარბაზების სურათებით გაივსო, რომლებშიც „კოლობოკს“ უჩვენებდნენ. ამას მოჰყვა კრიტიკული რეცენზიები, რამაც „კოლობოკის“ რეიტინგი რუსულ საიტ „კინოპოისკზე“ უპრეცედენტო ნიშნულამდე, 1,6 ქულამდე, დაიყვანა. საბოლოოდ „კინოპოისკი“ იძულებული გახდა რეიტინგი დაემალა.რუსმა პუბლიცისტმა და ახლა პუტინის დაუნდობელმა კრიტიკოსმა ალექსანდრ ნევზოროვმა ახალ “კოლობოკს” უწოდა “პუტინის რეალობის საშენი მასალა”, რისთვისაც რეჟიმმა გულუხვად მილიარდი რუბლი გაიღო. “ანომალიური ქვეყანა ანომალიურ კინოს ქმნის, რომელიც სულ უფრო და უფრო შორდება ადამიანურ სტანდარტების” – ამბობს ნევზოროვი.მაყურებლის განრისხება კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც პროექტის ავტორებმა აგრესიითა და ქილიკით უპასუხეს კრიტიკას – თანაც პასუხობდნენ ყველას, ვინც „კოლობოკის“ გაკრიტიკებას გაბედავდა. მაგალითად, საჯაროდ დასცინეს ერთ ელექტრიკოსს, რომელმაც დაწერა, რომ „კოლობოკის“ კომპიუტერული გრაფიკა „ამაზრზენად“ გამოიყურება; იდიოტი უწოდეს ექიმს, რომელიც მაყურებელს ურჩევდა, ბავშვები ფილმის სანახავად არ წაეყვანათ, რადგან „მახინჯმა კოლობოკმა შეიძლება პატარები შეაშინოს“…კოლობოკის გამხმოვანებელი, პოპულარული რუსი კომიკოსი გარიკ ხარლამოვი, სოციალურ ქსელში გამოვიდა ვრცელი მიმართვით, რომელიც უცენზურო სიტყვებითა და გინების შემცვლელი ლექსიკით იყო სავსე. „მოკეტოს ყველამ!“ – ამ სიტყვებით დასრულდა მისი სტატუსი, რასაც სოციალურ ქსელებშივე „კოლობოკის“ ორგანიზებული ბოიკოტი მოჰყვა. 11 აგვისტოს სანქტ-პეტერბურგის 5 კინოდარბაზში “კოლობოკზე” არცერთი ბილეთი არ გაყიდულა. მიუხედავად ამისა, კინოგაქირავებამ არათუ არ გააუქმა სეანსები, არამედ პირიქით, დაამატა.
ფილმის ავტორები იძულებულები გახდნენ საჯაროდ ეღიარებინათ, რომ პუტინის რუსეთში შეუძლებელია ჰოლივუდის ბლოკბასტერის ოფიციალური პრემიერის გამართვა, რადგანაც კომპანია “სონი”, რომელიც “სპაიდერმენს” აქირავებს, 2022 წლიდან წასულია რუსეთიდან. მაგრამ შეხსენებამ “კოლობოკს” არ უშველა. უფრო პირიქით – რუსული ეროვნული კინოინდუსტრია საკუთარი ფილმის დასაცავად “სპაიდერმენის” დაგეგმილ პირატულ პრემიერას დაუპირისპირდა და ამით საბოლოოდ საკუთარი ფილმი დააზარალა.გასული კვირის ბოლოს პროექტის ავტორებმა, რომელთა უკან სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია 24“-ც დგას, ორგანიზებულ ბოიკოტსა და კრიტიკას სამართლებრივი რეპრესიებით უპასუხეს. ტელეკომპანიის იურიდიულმა დეპარტამენტმა ოფიციალურად მიმართა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტსა და პროკურატურას თხოვნით, დაეწყოთ იმ ანონიმური მომხმარებლების სისხლის სამართლებრივი დევნა, რომლებიც ინტერნეტში ფილმს, რეჟისორსა და მსახიობებს აკრიტიკებდნენ.„კოლობოკი“, რომელსაც „ეროვნული და ოჯახური ღირებულებების“ (“პური” – ოჯახური კერააო, წერდნენ ფილმის ანონსში) დამკვიდრებით უნდა დაემარცხებინა „ჩებურაშკა“, ფაქტობრივად, პირველი ფილმია, გადაღებული პუტინის რუსეთში, რომლის გაქირავებაც ორგანიზებულმა ბოიკოტმა ჩააგდო.სოციალურ ქსელებში ასეთი ხუმრობაც გავრცელდა – „პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც დაიწყო საყოველთაო მობილიზაცია „კოლობოკის“ სანახავად.6 წელზე უფროსი ასაკის რუსეთის ყველა მოქალაქე ვალდებულია გამოცხადდეს კინოთეატრებში გახსნილ გაწვევის პუნქტში და ჯარში გაწვევამდე თავიდან ბოლომდე ნახოს ახალი “კოლობოკი”.რუსული „კინემატოგრაფიული ემიგრაციის“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საზოგადოება ასეთი სახის პროტესტს თუნდაც შარშან, ან შარშანწინ, ვერაფრით გაბედავდა.და საერთოდ, „კოლობოკის“ პირველი ჩვენებები მხოლოდ „სპაიდერმენის“ მსოფლიო პრემიერას არ დაემთხვა. ზოგიერთი ანალიტიკოსი პუბლიკის გაბრაზებას პარტია „იაბლოკოსთან“ დაკავშირებულ წინასაარჩევნო სკანდალს უკავშირებს.ზოგი კი პირდაპირ კითხულობს:„ხომ არ იცვლება რუსული საზოგადოება?“