„კოლობოკი“ თუ „სპაიდერმენი“? – როგორ გახდა რუსული ზღაპარი კინოგაქირავების მძევალი (ვიდეო)

„ჩებურაშკას“ ნაცვლად „კოლობოკი“?

2023 წელს რუსეთში დმიტრი დიაჩენკოს ფილმის „ჩებურაშკას“ პრემიერა შედგა. კინოს საფუძვლად ედუარდ უსპენსკის მოთხრობები და ამავე სახელწოდების საბჭოთა თოჯინური ფილმი დაედო. ფილმის წარმატებამ მოლოდინს გადააჭარბა – „ჩებურაშკამ“ 7 მილიარდ რუბლზე მეტი შემოსავალი მოუტანა ავტორებს. ზოგიერთი რეიტინგით კი იგი „პოსტსაბჭოთა ეპოქის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი“ გახდა.

2026 წლის დასაწყისში კინოთეატრებში „ჩებურაშკას“ გაგრძელება, „ჩებურაშკა 2“, გამოვიდა, რომელმაც თითქმის ისეთივე წარმატებას მიაღწია, როგორც პირველმა ფილმმა.

არადა, ორივე „ჩებურაშკას“ კრიტიკა არ აკლდა. ჯერ კიდევ 2023 წელს, როცა „ჩებურაშკას“ სარეკორდო შემოსავლის შესახებ დაიწერა, უსპენსკის ნაწარმოების ეკრანიზაციას რუსულმა ულტრაკონსერვატორულმა და პროპაგანდისტულმა მედიაპლატფორმა  შეუტია. რუსეთის სახალხო არტისტმა, დუმის დეპუტატმა დმიტრი პევცოვმა „ამ უხამს ფილმში“ ფარული დასავლური, “მათ შორის ლგბტ-იდეოლოგიის ნიშნები” დაინახა.

კრიტიკოსები წერდნენ, ჩებურაშკას ძველი, საბჭოთა სახე დაუმახინჯეს, ახალი ეკრანიზაცია მხოლოდ ფულის გასაკეთებლად თუ გამოდგება და არ ემსახურება ბავშვების „სწორ აღზრდასო“.

თუმცა ულტრაკონსერვატორთა წრეებში და სოციალურ ქსელებში არც ჩებურაშკას საბჭოთა ვერსია დაინდვეს. გაიხსენეს, მაგალითად, რომ თოჯინური ფილმისა და ჩებურაშკას პერსონაჟის ვიზუალური გადაწყვეტის ავტორი რომან კაჩანოვი ებრაელი იყო. საბჭოთა ჩებურაშკა კი „სიონიზმის პროპაგანდად“ მოინათლა. რუსი ნეოფაშისტები აუდიტორიას ახსენებდნენ, ჩებურაშკა ფორთოხლით სავსე ყუთიდან გაჩნდა – ფორთოხალს კი იმ წლებში, როცა საბავშვო მულტფილმის პრემიერა შედგა, საბჭოთა კავშირი ისრაელიდან ყიდულობდა.

წელს, ჩებურაშკას საბჭოთა ვერსია ფილოსოფოსმა ალექსანდრ დუგინმაც განიხილა ქსენია სობჩაკის გადაცემაში. დუგინის მტკიცებით, ჩებურაშკამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა… საბჭოთა კავშირის დანგრევაში.

დუგინი თვლის, რომ „უსქესო გმირი“ ბავშვებს ლიბერალებმა შეაყვარეს და ასე მოამზადეს ლიბერალური რევოლუცია. ებრაული წარმოშობის კომპოზიტორის, ვლადიმირ შაინსკის სიმღერები კი „იდეოლოგიურ დივერსიად“ შეფასდა.

დუგინის ვერსიით, ჩებურაშკა არც გმირია, არც მოქალაქე, არც მეომარი, უბრალოდ უცნაური, გრძელყურიანი არსებაა, რომელიც ეკრანზე რეალური მიზნის გარეშე დახეტიალობს. ამიტომ უწოდებს მას დუგინი „ლიბერალურ სუბიექტს“.

„ჩებურაშკაზე“ ასეთი შეტევების პარალელურად გაირკვა, რომ ფილმის რეჟისორს, დმიტრი დიაჩენკოს, რუსულმა კომპანიამ Yellow, Black and White აღარ გაუგრძელა კონტრაქტი ფანტასტიკური კინოსერიის, „უკანასკნელი დევგმირის“, გადასაღებად. დიაჩენკო 2017 წელს, „უოლტ დისნეის“ კომპანიასთან ერთად გადაღებული ამ სერიის პირველი ფილმის რეჟისორი იყო.

ვრცლად