კობახიძის თქმით, ნენსკრას, ხუდონის და ნამახვანის პროექტები “აუცილებლად განხორციელდება”

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაძლებელი იყო ანაკლიის პორტის ინვესტორთან შეთანხმების უფრო სწრაფად დასრულება, რაც მოლაპარაკების საკითხია.
„არაფერი არ იწელება, სამუშაოები უკვე დაწყებულია. გარკვეული დრო სჭირდება ხელშეკრულების გაფორმებას. რა თქმა უნდა, ამ კუთხით შეიძლებოდა, რაღაც უფრო მალე დასრულებულიყო, თუმცა ობიექტური მიზეზებია, რის გამოც ჯერჯერობით შეთანხმება არ არის ხელმოწერილი, მაგრამ ეს არ აფერხებს სამუშაოების წარმართვას. ჩვენ თვალყურს მივადევნებთ მომავალში. მოლაპარაკებების საქმეა ეს ყველაფერი“, — განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე ისაუბრა ნენსკრას, ხუდონისა და ნამახვანის ჰესების საჭიროებაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანია, 2030 წლისთვის ელექტრო ენერგიის გამომუშავებამ მოხმარებას გადააჭარბოს.
„გახსოვთ, რომ მთელი აგენტურა იყო ჩართული სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების შეფერხებაში, რასაც მომავალში არ დავუშვებთ. ამ შემთხვევაშიც სამართლის უზენაესობა და ეროვნული ინტერესები იქნება ბოლომდე დაცული. არის რამდენიმე მსხვილი და არამსხვილი ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც აუცილებლად განხორციელდება. ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის მიმართულებით ძალიან დიდი რესურსია და ყველა მიმართულებით საჭიროა ინტენსიური მუშაობა, ამ პროექტების განხორციელება, ასევე მცირე და საშუალო ჰესების თუ ქარის და მზის ენერგიის სადგურების მშენებლობა“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის ინვესტორის შესარჩევ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC ერთი წლის წინ გამოაცხადა, თუმცა ინვესტორთან კონტრაქტი ამ დრომდე არ გაფორმებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია